Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ახალ ფრონტებს ხსნის, არის და ყოველთვის იყო რუსეთი - სალომე ზურაბიშვილი


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

„ევროპასთან საერთო ღირებულებები გვაქვს და სწორედ ამ ღირებულებების გამო გვაქვს ევროპული ბედი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 27 სექტემბერს, პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში, დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენების გახსნისას.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ, „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით „პრაქტიკულად ომი გამოუცხადა 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს იმისთვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო“:

„ბრალს სდებდა რა ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფოს, ქართული ჯარის, პოლიციის ჩამოყალიბებაში, რომ თითქოს მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. თითქოს ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ეძებდნენ კრიზისის ახალ თეატრს, მაშინ როდესაც ჩვენს რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სულ ახალ ფრონტებს ხსნის ყველა მისი მეზობლის წინააღმდეგ, არის და ყოველთვის იყო რუსეთი. ბრძოლა, რომელსაც ვახორციელებთ, რომელსაც უკრაინა იარაღით და ევროპელებისა და ამერიკელების მხარდაჭერით ახორციელებს, რომელსაც ჩვენ პოლიტიკურ სცენაზე ვახორციელებთ, არ შეიძლება უკრაინის დამარცხებით დასრულდეს, ეს ბრძოლა არ შეიძლება საქართველოს დამარცხებით დასრულდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, რადგან ეს არჩევნები ეგზისტენციური, სასიცოცხლო არჩევნებია“.

პარიზიდან გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქუჩებში გამოკიდებულ წინასაარჩევნო ბანერებსაც, რომლებზეც უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების ფოტოებია დაბეჭდილი წარწერით - "არა ომს, აირჩიე მშვიდობა".

„ისეთივე შოკირებული ვარ, როგორც სრულიად საქართველოს მოსახლეობა, რადგან მთავრობამ, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩათვალა, რომ ამ საარჩევნო კამპანიისთვის კარგი აზრი იყო, თბილისის ქუჩებში დაედგათ ბანერები, სადაც გვერდიგვერდ ჩანს მარიუპოლის თეატრი, სადაც ვიცით, თუ რამდენი ბავშვი დაიღუპა და რესტავრირებული თეატრი საქართველოში; განადგურებული კათედრალი უკრაინაში და გვერდზე, სამების საკათედრო ტაძარი თბილისის შუაგულში.

ამან სრულიად საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, რაც აჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვართ და შეიძლება ოპტიმისტები ვიყოთ. აღშფოთება გამოიწვია, ასევე, „ქართული ოცნების“ დარჩენილ მხარდამჭერებში, „ქართული ოცნების“, რომელიც (ვთქვი და კიდევ ვიტყვი), ქართულ კოშმარად იქცა, ასევე, მთელ მოსახლეობაში“.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საფრანგეთის პარლამენტში გამართული ღონისძიება ნაწილია კამპანიისა „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, რომელიც თითქმის სამი წელია მიმდინარეობს "აფხაზთა კრების", "თავისუფლების ინსტიტუტის", "ტაბულასა" და პარტია "ფედერალისტების" ორგანიზებით.

მათივე ცნობით, კამპანიის მიზანია, გაფართოვდეს საერთაშორისო და შიდა კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომელთა ხასიათი და მასშტაბი გენოციდს უტოლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG