Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი პარტია „ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა


საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორში, პარტია „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ პრეზენტაციაზე. 25 სექტემბერი, 2024.
საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორში, პარტია „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ პრეზენტაციაზე. 25 სექტემბერი, 2024.

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა პარტიას „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" გორში გამართულ პრეზენტაციაზე ის პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

„ძალიან დიდი სიამაყით, დიდი პატივისცემით მინდა გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ მოძრაობას უერთდება ერთი ხმა. ადამიანი, რომელიც არასდროს წასულა კომპრომისზე და იყო ორივე ხელისუფლების ოპოზიციაში. მან შეინარჩუნა ინსტიტუტი“, - თქვა მარგველაშვილის წარდგენის დროს ხაზარაძემ.

„ეს გაერთიანება არის ის, რასაც ძალიან დიდი ხანი ელოდა ამომრჩეველი, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრეზენტაციაზე და განაგრძო, - ეს მოთხოვნა, რომ მოდი, შევქმნათ რეალობა, რომელიც იმ ორი წარსული პოლიტიკური ძალისგან განსხვავებულია და ჭეშმარიტად გვაძლევს შესაძლებლობას, მივიღოთ ჩვენი არჩევანი, ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არ არის დამძიმებული იმ პრობლემებით, რომლებიც წინა ხელისუფლებებს ჰქონდა. ეს გაერთიანება, ეს ისტორიული მოთხოვნა შედგა. არ შეიძლება სერიოზული პრობლემებით დამძიმებული ხალხი მართავდეს სახელმწიფოს“.

მარგველაშვილმა ილაპარაკა თავისი ახალი თანაგუნდელების შესახებ და აღნიშნა, რომ მათთან ერთად ბევრი რამ აქვს გავლილი. მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მათი ნაწილი მასთან მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი (ცენტრში) გორში, პარტია „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ პრეზენტაციაზე. 25 სექტემბერი, 2024.
საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი (ცენტრში) გორში, პარტია „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ პრეზენტაციაზე. 25 სექტემბერი, 2024.

მარგველაშვილი 2013-2018 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტი. 2012-2013 წლებში მას განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა.

პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ვადა 26 სექტემბერს ეწურებათ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG