ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში, სადაც პარლამენტის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე აქტივისტებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა.
მისი თქმით, დაპირისპირებისას მას ხელი დაარტყა მმართველი გუნდის მხარდამჭერმა და „სუსის აგენტმა“ თეონა ქარდავამ. სხეულზე დაზიანებები მიიღო ენმ-ის ერთ-ერთმა მხარდამჭერმაც. როგორც ანა წითლიძე ამბობს, ახალგაზრდა მამაკაცს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
„მას აქვს სხეულზე დაბეჟილობები, მაგრამ საავადმყოფოში არ დარჩა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება... მე ვითხოვ, გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის მუხლით. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებია - ჯერ ეს ერთი, წინასაარჩევნო შეხვედრისთვის ხელის შეშლა, მერე, პარლამენტის წევრისთვის ხელის დარტყმა, ფიზიკური ძალადობა ახალგაზრდებზე...პოლიცია პოლიტიზირებული რომ არ იყოს, უკვე დაკავებული უნდა ჰყავდეს ესენი. ადგილზე იყო პოლიციის ორი ეკიპაჟი, მაგრამ მათ ვერაფერი ვერ ქნეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანა წითლიძემ.
დეპუტატის ინფორმაციით, ბარამიას ქუჩაზე დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა - თავდაპირველად, „ქართული ოცნების“ მაისურებში ჩაცმული, დაახლოებით 50-მდე ადამიანი შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიუახლოვდა მას მაშინ, როცა დევნილთა დასახლებაში ფლაერებს არიგებდა.
ენმ-ის წევრის თქმით, სიტუაცია თავად მოსახლეობამ განმუხტა და მმართველი გუნდის აქტივისტებს, მცდელობის მიუხედავად, ფიზიკური დაპირისპირების უფლება არ მისცა.
ანა წითლიძის განმარტებით, პოლიციას თავად დაუკავშირდა და სამართალდამცავებიც ადგილზე მივიდნენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მორიგი დაპირისპირებისთვის: „მეორედ უკვე დაახლოებით 100 კაცი მოვარდა. ეს იყო თავდასხმა. ადგილზე იყო პოლიციის ორი ეკიპაჟი, მაგრამ მათ ვერაფერი ვერ ქნეს. ორი ეკიპაჟი არ ეყო 100 კაცს“, - თქვა ანა წითლიძემ. მისი ინფორმაციით, მომხდარის მოკვლევა პოლიციამ უკვე დაიწყო, თუმცა თავად გამოკითხვაზე ჯერ არ ყოფილა.
თავის მხრივ, „ქართულ ოცნება“ ძალადობაში ოპოზიციურ პარტიას ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას განცხადებით, „ნაციონალურო მოძრაობის“ წევრები ცდილობენ, მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ „მათთვის სისხლხორციელი ძალადობა“:
„ამ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი მოსახლეობა ეზიზღებათ, აუცილებლად გასცემს ხალხი პასუხს. ისინი დაუპირისპირდნენ მცირეწლოვან შვილთან მყოფ დევნილ დედასაც, რომელსაც პატარა ბავშვთან ერთად აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ის, რაც ენმ-მა ზუგდიდში ჩაიდინა, არის ყოვლად მიუღებელი ფაქტი. მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო მისიას, შეისწავლონ მომხდარი, რომელიც მოწმობს ამომრჩევლის ზიზღს, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ძალადობას“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა ფოტოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში. ფოტოზე ის „ქართული ოცნების“ რამდენიმე ათეულ აქტივისტთან ერთად ჩანს ბარამიას ქუჩაზე, იქ, სადაც დაპირისპირება მოხდა. დავით კოდუას განცხადებით: „კაცთმოძულე ,,ნაციონალურ მოძრაობას” არასდროს მისცემენ არავის ჩაგვრის უფლებას".
მომხდარის შესახებ კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
ფორუმი