Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპზე თავდასხმის შემდეგ ბაიდენი აცხადებს, რომ საიდუმლო სამსახურს "მეტი დახმარება" ესაჭიროება


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა უშიშროების სამსახურისთვის "მეტი დახმარების" გამოყოფის მოწოდებით იმ ფონზე, როცა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე ორი თვის მანძილზე მეორედ განხორციელდა თავდასხმა.

ტრამპი არ დაზიანებულა და უსაფრთხოდ იყო მას მერე, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) თქვა, რომ 15 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატის "მოკვლის მცდელობა" იყო ფლორიდაში, მის ერთ-ერთ გოლფის კლუბში.

ინციდენტმა, რომელიც მოჰყვა ტრამპზე ცხრა კვირის წინ განხორციელებულ თავდასხმას პენსილვანიაში, პოლარიზებულ არჩევნებამდე 50 დღით ადრე დამატებითი კითხვები აღძრა კანდიდატის უსაფრთხოებაზე. FBI და ფლორიდის შტატი იძიებენ, როგორ შეძლო 58 წლის ეჭვმიტანილმა ტრამპთან რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსში მიახლოება იარაღით.

ადგილობრივი ოფიციალური პირების კითხვებზე პასუხად, FBI-მა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, "როგორც ჩანს, ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე" და თავდამსხმელის მოტივზე. FBI და პოლიცია ეჭვმიტანილის სახელს არ აკონკრეტებენ, მაგრამ აშშ-ის მედია, მათ შორის CNN-ი, Fox News-ი, CBS News-ი და The New York Times-ი იუწყებიან, რომ საქმე ეხება 58 წლის რაიან ვესლი როუთს, რომელიც ამჟამად ჰავაიში ცხოვრობს.

როუთი მშენებლობაზე მუშაობს და, საჯარო მონაცემების თანახმად, პოლიციას რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული. ის ჰავაიში რამდენიმე წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად ჩრდილოეთ კაროლინიდან. სოციალური მედიით მას გამოხატული აქვს მხარდაჭერა დემოკრატების და უკრაინის მიმართ, მათ შორის უკრაინის თავდაცვისთვის თანხების შეგროვების ინიციატივის ფორმით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG