ევროკავშირი "მკაცრად გმობს" ირანული წარმოების ბალისტიკური რაკეტებისა და საბრძოლო მასალის რუსეთისთვის გადაცემას.
"ეს არის პირდაპირი მუქარა ევროპული უსაფრთხოებისთვის და მნიშვნელოვანი ესკალაციის საფრთხეს ქმნის", - ნათქვამია ბლოკის საგარეო პოლიტიკის სამსახურის 13 სექტემბრის განცხადებაში.
ევროკავშირმა 9 სექტემბერს "სანდო" უწოდა მოკავშირეების მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ირანმა მოსკოვს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის მიაწოდა მოკლე რადიუსის რაკეტები - და მიანიშნა, რომ ამას "სწრაფი" პასუხი გაეცემა.
ირანული ბალისტიკური რაკეტები "შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკრაინაში შემდგომი ტანჯვისა და განადგურების მიზნით", - აცხადებს ევროკავშირი.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს გადასცა ბალისტიკური რაკეტები და მოელის, რომ რამდენიმე თვეში მოსკოვი მათ გამოყენებას შეძლებს.
ეს ბლინკენმა განაცხადა ლონდონში ვიზიტისას. სახელმწიფო მდივანი თვლის, რომ რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა ემუქრება უფრო ფართო ევროპულ უსაფრთხოებას.
აშშ-მა 10 სექტემბერს ირანის მიმართ სანქციების სიას დაუმატა ათი ფიზიკური და ექვსი იურიდიული პირი, რომლებიც ირანსა და რუსეთში იმყოფებიან და განსაზღვრა ოთხი ხომალდი, როგორც გაყინული ქონება, რომელსაც ირანი, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, იყენებს რუსეთისთვის იარაღის და შეიარაღების სისტემების კომპონენტების მიწოდებისთვის. აშშ-ის თანახმად, მათ შორის არის დრონები და ახლო მოქმედების ბალისტიკური რაკეტები. რაკეტების მიწოდების შესახებ საუბრისას, ბლინკენმა მოიხმო დაზვერვის მონაცემები, რომელიც, მისი თქმით, აშშ-ის მოკავშირეებს და პარტნიორებს გადაეცა მთელ მსოფლიოში. ირანისგან რაკეტების მიღებით, რუსეთი, ბლინკენის თქმით, შეძლებს თავისი არსენალის უფრო იმ მიზნებისთვის გამოყენებას, რომლებიც ფრონტის ხაზიდან მოშორებით მდებარეობს.
9 სექტემბერს, პრესკონფერენციაზე, რუსეთის კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა პირდაპირ არ უარყო რაკეტების მიწოდების შესახებ ცნობები. მან მხოლოდ თქვა, რომ მოსკოვი და თეირანი ავითარებენ თანამშრომლობას „ყველა შესაძლებელ სფეროში“ და „კვლავაც გააგრძელებენ ამის კეთებას“.
ფორუმი