იმავე კლიპის ეთერში განთავსებაზე უარი თქვა „მთავარმა არხმა“. ამ არხის წინააღმდეგაც გამოწერა კომუნიკაციების კომისიამ სამართალდარღვევათა ოქმი.
მმართველი პარტიის საარჩევნო კლიპში, რომლიც ეთერიდან ამოირეს, ჩანან სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ისმის მოწოდება: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“.
ვოდეორგოლის მეორე ნაწილში ჩნდება პოლიტიკოსების ფოტოები, მათ შორის ჩანს ოპოზიციაში გადასული გიორგი გახარიაც, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს წლების განმავლობაში მინისტრისა და პრემიერის თანამდებობას იკავებდა - ამ ფოტოსურათების გამოჩენის დროს კლიპში ისმის - „უთხარი არა ბნელ წარსულს და აირჩიე საქართველოს ნათელი და ევროპული მომავალი“.
„[კომისიამ] მიიჩნია, რომ სადავო პოლიტიკურ რეკლამაში არ ჩანს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება, ან მოწოდება ძალადობისკენ. საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეო-რგოლი ემსახურება პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას. შესაბამისად, წარმოდგენილი ვიდეო-რგოლი არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებლები ვალდებულნი იყვნენ ის ეთერში განეთავსებინათ“, - წერია კომუნიკაციების კომისიის გავრცელებულ განცხადებაში.
წინასაარჩევნო პერიოდში ყველა საერთო მაუწყებელი ვალდებულია არჩევნებში მონაწილე კვალიფიციურ სუბიექტებს დაუთმოს სარეკლამო დრო უფასოდ, ვიდეორგოლის შინაარსზე ტელეარხი პასუხს არ აგებს.
„TV პირველის“ მთავარმა პროდიუსერმა, ნოდარ მელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვიდეოკლიპის ეთერიდან ამოიღეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თხოვნით, რომლებიც ამ კლიპში ჩანდნენ.
„მათ ეს კლიპი აღიქვეს მათთვის საფრთხის შემცველად, ჩვენც რეალისტურად შევაფასეთ მათი არგუმენტები. მივიჩნიეთ, რომ სიძულვილს აღვივებდა და ამოვიღე. ამ გადაწყვეტილებით კომისია გვავალებს ეთერში გავუშვათ კლიპი მათ შესახებ, ვინც არ მონაწილეობენ ამ არჩევნებში“, - ამბობს ნოდარ მელაძე.
სამართალდარღვევათ ოქმი კომისიამ სასასმართლოს გადაუგზავნა. წინასაარჩევნო პერიოდში საარჩენო საკითხებთან დაკავშირებით სანქცირებაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.
ფორუმი