Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძემ მადლობა გადაუხადა იმ NGO-ებს, რომლებიც უცხოური ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირდნენ


ირაკლი კობახიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირდნენ. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რეესტრს დასარეგისტრირებლად 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიმართა.

„საზოგადოების წინაშე გამოხატული სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მინდა მადლობა გადავუხადო“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ხანგრძლივი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონი „აგენტების შესახებ“ და 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტოც. კანონი პრეზიდენტმა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოსი გაასაჩივრეს. საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა უკვე გაიმართა - საწყის ეტაპზე სასამართლომ უნდა გამოაცხადოს აჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას საკითხის განხილვის დასრულებამდე.

ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.

თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG