Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცაგერის მერმა თანამდებობა დატოვა


ცაგერის ყოფილი მერი ლევან ზალკალიანი
ცაგერის ყოფილი მერი ლევან ზალკალიანი

ლევან ზალკალიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, თანამდებობა დატოვა. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც დღეს, 27 აგვისტოს, გაიმართა, დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია მერის უფლებამოსილების შეწყვეტაზე.

„ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმატებებს უსურვებს ბატონ ლევან ზალკალიანს მომავალ საქმიანობაში“, - წერს საკრებულო.

მერის გადადგომის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. „გაიგებთ სულ მალე“, - ასე უპასუხა ზალკალიანმა თანამდებობიდან წასვლის მიზეზების შესახებ ტელეკომპანია „ფორმულის“ მიერ დასმულ შეკითხვას.

ორი დღის წინ, 25 აგვისტოს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ამბროლაურში მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. უცნობია, უკავშირდება თუ არა ლევან ზალკალიანის გადადგომა მმართველი პარტიის მიერ რეგიონში გამართულ ღონისძიებას.

ზალკალიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ არჩევნებზე აირჩიეს „ქართული ოცნების“ რიგებიდან. ის ერთადერთი კანდიდატი იყო და შესაბამისად, ხმების 100% მიიღო.

შუალედური არჩევნები მას შემდეგ გაიმართა, რაც 2022 წლის 25 ნოემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა ვეტერანმა ფეხბურთელმა გიორგი ნემსაძემ.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, თუკი მერი თანამდებობას 15 ივნისის შემდეგ დატოვებს, მერის რიგგარეშე არჩევნები შემდეგი წლის აპრილში უნდა ჩატარდეს, თუმცა ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც თარიღი მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს ემთხვევა. „მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება“, - წერია საარჩევნო კოდექსში.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში ჩატარდება, შესაბამისად, შუალედური არჩევნები არ გაიმართება და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას შეასრულებს მერის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი.

განახლება

27 აგვისტოს, საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ლევან ზალკალიანი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა. დანიშვნის შემდეგ ის შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG