Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა იერიში მიიტანა ლიბანის ტერიტორიაზე


ისრაელის არმიამ (ცაჰალი) განაცხადა, რომ იერიში მიიტანა ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებზე. სამხედროები ამტკიცებენ, რომ ჰეზბოლა ისრაელში რაკეტების გასაშვებად ემზადებოდა, მათი მოქმედება კი პრევენციულ ხასიათს ატარებს.

„თავდაცვის მიზნით, ამ საფრთხეების აღმოსაფხვრელად ცაჰალი ანადგურებს ტერორისტულ ობიექტებს, საიდანაც ჰეზბოლა გეგმავდა თავდასხმების განხორციელებას ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - თქვა ისრაელის არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ.

მას შემდეგ, რაც სამხედროებმა იერიში მიიტანეს ლიბანის ტერიტორიაზე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მომდევნო 48 საათის განმავლობაში. თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტმა შეწყვიტა ავიარეისების როგორც მიღება, ასევე გაშვება.

მოგვიანებით ცაჰალის სპიკერმა განაცხადა, რომ „ისრაელის საჰაერო ძალების ათობით თვითმფრინავს იერიში მიაქვს სამხრეთ ლიბანში მდებარე სხვადასხვა სამიზნეზე “.

BBC-ის ცნობით, სასწრაფოდ შეიკრიბა ისრაელის უშიშროების კაბინეტი.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებიდან მალევე, ჰეზბოლამაც განაცხადა, რომ დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა ისრაელზე დრონებისა და რაკეტების საშუალებით.

მოძრაობის ტელეგრამის არხზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰეზბოლა ამგვარად „პირველ პასუხს“ აძლევს ბეირუთში თავისი სამხედრო ფრთის მეთაურის, ფუად შუქრის მკვლელობას.

ცაჰალის ცნობით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი დრონი და რაკეტა იქნა გაშვებული. ჰეზბოლას ცნობით კი, ისრაელში 11 სამხედრო ობიექტს 320 რაკეტა ესროლეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG