დეტალების გასაჯაროებისგან, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ქალაქ ფლენსბურგის საგამოძიებო უწყება თავს იკავებს. პოლიციის შიდა ანგარიშზე დაყრდნობით ვრცელ სტატიას გერმანული "BILD-ი" აქვეყნებს.
ირკვევა, რომ სადაზვერვო დრონმა მიმდინარე თვის განმავლობაში ფრენისთვის აკრძალული ზონა რამდენჯერმე დაარღვია. საფრენი აპარატების წარმომავლობა ოფიციალურად დადასტურებული ამ დრომდე არ არის. მაგრამ გერმანელი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ საუბარია რუსული წარმოების "Orlan-10-ის" ტიპის სადაზვერვო დრონებზე. მათი მოქმედების რადიუსი 600 კილომეტრამდე აღწევს, საშუალო სიჩქარე კი საათში 100 კილომეტრია.
გამომძიებლების ვარაუდით, საჰაერო ობიექტის ინტერესის საგანს წარმოადგენდა ექსპლუატაციიდან გამოსული 806-მეგავატიანი ატომური ელექტროსადგური, ქიმიური ქარხნები და გათხიერებული გაზის ტერმინალი შლეზვიგ-ჰოლშტაინის ფედერალური მხარის ქალაქ ბრუნსბიუტელში.
ტერიტორია, რომელზეც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაა განთავსებული, საკმაოდ ახლოსაა ჩრდილოეთის ზღვასთან. გამოცემების, "Der Spiegel-ისა" და "BILD-ის" ინფორმაციით, სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ სადაზვერვო დრონები სწორედ ჩრდილოეთის ზღვის აკვატორიიდან, სამოქალაქო ხომალდებიდან გაუშვეს. უპილოტო საფრენი აპარატების უკანასკნელი გადაფრენა 22 აგვისტოს დაფიქსირდა. შლეზვიგ-ჰოლშტაინის პოლიციის ქვედანაყოფების ნაწილი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.
წარუმატებელი დივერსია თუ ცრუ განგაში გერმანიის სამხედრო ბაზებზე?
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უკვე კვირაზე მეტია მოქმედებს გერმანიის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზებზე ქვეყნის დასავლეთით. მიმდინარეობს გარე, შიდა და თავდაცვითი ინფრასტრუქტურის დეტალური შემოწმება, გაძლიერებულია პატრულირება, განსაკუთრებით ღამის საათებში. გადაწყვეტილება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მიიღო.
14 აგვისტოს კიოლნის რაიონში მდებარე სამხედრო ავიაბაზის ღობეში ხვრელი აღმოაჩინეს. ეს სამხედროების სასმელი წყლით უზრუნველყოფის ავტონომიური რეზერვუარების უშუალო სიახლოვეს მოხდა. ამუშავდა განგაშის სიგნალი. ადგილზე მისულმა სამხედროებმა შენიშნეს უცხო პირი, რომელიც ტერიტორიიდან მიიმალა. გაჩნდა ეჭვი, რომ დივერსანტი სასმელი წყლის მოწამვლას ცდილობდა.
იმავე დღეს, ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა ნატოს ავიაბაზაზე გაილენკირხენში, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სადაზვერვო თვითმფრინავებია განლაგებული. აქაც, კიოლნის მსგავსად, წყლის სისტემების სიახლოვეს, ღობეში, ხვრელს მიაგნეს.
15 აგვისტოს, საღამოს საათებში, შეტყობინება ღობის მთლიანობის დარღვევის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში მეხერნიხიდანაც შევიდა. სამივე სამხედრო ბაზა ერთმანეთისგან დაახლოებით 70-100 კილომეტრითაა დაშორებული. წყლის პირველადი კვლევის მიხედვით, მოწამვლის ფაქტი ექსპერტებს არ დაუდასტურებიათ. თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, მოხმარების წინ სამხედროებს მის ადუღებას ურჩევენ.
გერმანიაში რუსულ კვალზე საუბრობენ
თუ სამთავრობო უწყებები ჯერჯერობით დუმან, გერმანელი ანალიტიკოსები და ჟურნალისტები ჰიბრიდული ომის ღია ნიშნებზე საუბრობენ, რაც, მათი მტკიცებით, რუსეთის კლასიკური ხელწერაა. სამხედრო ექსპერტები სამართალდამცავ და თავდაცვით უწყებებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან, მათი თქმით, ოფიციალური მოსკოვი გერმანიის ტერიტორიაზე დივერსიული აქტების მოწყობას არ მოერიდება. ეს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ბერლინი კიევს რუსული აგრესიის შეკავებაში უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ეხმარება - როგორც თავდაცვითი და შეტევითი შეიარაღების, ისე მატერიალური თვალსაზრისით.
გერმანიის მოსახლეობას მიმართავენ ადგილობრივი მედიაგამოცემებიც. მაგალითად, გაზეთი "Frankfurter Rundschau" წერს, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხე მხოლოდ საგარეო ფაქტორს არ მოიცავს. არანაკლებ საშიშია პუტინის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკური ძალების გააქტიურება ქვეყნის შიგნით.
ფორუმი