Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენდერი, სოციო-კულტურული გარემო და მენტალური ჯანმრთელობა


ავტორი: მერი კაიკაციშვილი

დეპრესიის დიაგნოსტირება ულტრაბგერითი აპარატით ან რენტგენოგრაფიული კვლევით არ ხდება. სამწუხაროდ, მისი დანახვა ისეთივე მარტივი არაა, როგორიც მოტეხილი ფეხის ან დაზიანებული კისრის მალის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი არ არსებობს.

პირველი გამოწვევა მენტალური ჯანმრთელობის აქტივისტებისთვის სწორედ საზოგადოების დარწმუნება იყო მის არსებობაში. დიახ, მენტალური ჯანმრთელობა რეალურია, რეალურია მენტალური დაავადებებიც, მიუხედავად იმისა, ეკრანზე იდენტიფიცირებადია ისინი თუ არა. თუმცა ეს, სამწუხაროდ, ერთადერთი გამოწვევა არ არის, რომელსაც ვხვდებით მენტალური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში.

ჩვენს საზოგადოებაში საუკუნეების მანძილზე მყარად ფესვგადგმული ტოქსიკური სტერეოტიპები და სტიგმატური აზროვნება გენდერული განსხვავებების მიმართულებით, უდიდეს ზიანს აყენებს ორივე სქესის მენტალურ ჯანმრთელობას.

მენტალური ჯანმრთელობა კომპლექსური ფენომენია და მას განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები: გენეტიკა და გენეტიკური წინასწარგანწყობა, წარსული ფსიქოლოგიური გამოცდილება და სოციო-კულტურული გარემო, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. საზოგადოების მიერ სქესის სოციალური აღქმა (გენდერი) მნიშვნელოვნად განაპირობებს პიროვნების და მისი ქცევის ჩამოყალიბების პროცესს. დღევანდელ სამყაროში, რომელიც პატრიარქალურ წყობას მყარად ინარჩუნებს, ქალები ძალიან დიდი გამოწვევების და სოციალური ბარიკადების წინაშე დგანან. ეს განაპირობებს მათ მზარდ მიდრეკილებას მენტალური არასტაბილურობის მიმართ. ფსიქოლოგიური ფაქტორები და სოციალური შეზღუდვები დღეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქალის მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობას.

დიდი ხნის განმავლობაში დასავლური ფსიქიატრია მიიჩნევდა, რომ მენტალური ჯანმრთელობის პათოლოგიები კულტურულად ნეიტრალური იყო და დიაგნოზის განსაზღვრის პროცესი არ საჭიროებდა პაციენტის ეთნიკურობის, სოციალური წარმომავლობის და გენდერის მხედველობაში მიღებას, თუმცა ბოლო კვლევებმა ცხადყო ის კომპლექსური გავლენა, რაც აქვს სოციალურ წარმომავლობას, კულტურულ განმასხვავებელ ნიშნებს, გენდერულ უთანასწორობას და სხვა სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებს მენტალური დაავადებების ჩამოყალიბებაში.

სხვადასხვა კულტურის და ტრადიციების მქონე საზოგადოებებში ქალის როლი განსხვავებულია. დასავლური იდეოლოგიის ქვეყნებში დღეს ქალი მეტად თავისუფალია, ასეთ საზოგადოებებში სტერეოტიპული აზროვნება ქალის სოციალური როლის მიმართ აქტუალობას თანდათან კარგავს, თუმცა ქვეყნებში, სადაც სოციალური ტრანსფორმაციის პროცესები ნელი ტემპებით მიმდინარეობს და საზოგადოების თანამედროვე აზროვნება გამყარებულია ტრადიციული გადმონაშთებით, ქალებს უწევთ გაცილებით დისკრიმინაციულ და უთანასწორო რეალობაში არსებობა.

საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა საზოგადოებაში ქალის პირველადი სოციალური როლი ბავშვის გაჩენა და მასზე ზრუნვა იყო. ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში, ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქცია დღემდე სხვებზე ზრუნვაა. ბავშვის გაჩენა/მშობიარობა ყველაზე ამაღელვებელი მოვლენაა ქალის ცხოვრებაში, თუმცა მშობიარობისას იგი გადის უდიდესი ფსიქიკური და ფიზიკური ცვლილებების პროცესს. სტრესის ასეთი მაღალი დონე მის მენტალურ სტაბილურობას რისკის ქვეშ აყენებს. როცა ქალი ამ ცვლილებებს ეფექტურად ვერ უმკლავდება, ვითარდება დეპრესიული მდგომარეობა, რომელსაც მშობიარობის შემდგომ დეპრესიას უწოდებენ. მისი მახასიათებლებია: მელანქოლია, დანაშაულის შეგრძნება, შფოთი და სოციალური იზოლაცია. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ჰორმონალური დისბალანსია, თუმცა მის სიმძიმეს და ხანგრძლივობას დრამატულად განსაზღვრავს სოციალური ფაქტორები და გარემო. მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ქალები ამ პროცესებზე დღეს უკვე ღიად საუბრობენ, დეპრესიის მაპროვოცირებელი გარემოს არსებობის რისკები ისეთ ქვეყნებში უფრო მაღალია, სადაც ქალის სოციალური იდენტობა ჯერ კიდევ მისი ქმარზე „დაქვემდებარებულის სტატუსთან“ არის გათანაბრებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით დეპრესია ქალებს შორის გავრცელებული დაავადებების ჩამონათვალში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გვერდით მოიაზრება.

სოციალურად განსაზღვრული ქალის და მამაკაცის ქცევის მისაღები მოდელების პარალელურად, საზოგადოება გვკარნახობს მისთვის მისაღები გარეგნობის მოდელსაც. ეს არის კულტურულად და სოციალურად განსაზღვრული სტანდარტები, რომელიც ადგენს თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ადამიანი, რომ ერთგვარი ვალიდაცია მიიღოს საზოგადოებისგან. დასავლურ კულტურაში ფართოდ გავრცელებული სილამაზის სტანდარტები გამხდარი სხეულის შესახებ უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფებს ქალების იმ კატეგორიას, რომლებიც ამ სტანდარტებში ვერ თავსდებიან.

ქალის წარმოდგენა საკუთარ თავზე და საკუთარ სხეულზე უდიდეს გავლენას ახდენს მის თვითშეფასებაზე. გოგონები, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შედეგად მიღებულ სოციალურ ვალიდაციას და საკუთარი თვითშეფასებას თითქმის სრულად აფუძნებენ ამ ფაქტორს. სილამაზის სტანდარტებით შეპყრობილობა ხელს უწყობს მათში შფოთვითი აშლილობების, დეპრესიის და ისეთი კვებითი აშლილობების ჩამოყალიბებას, როგორიცაა ნერვული ბულიმია და ანორექსია. აღნიშნული კვებითი აშლილობების გამომწვევი მთავარი მიზეზი არის სოციალური შფოთვითი აშლილობა, რომელიც განისაზღვრება როგორც „სოციალურ სიტუაციებში (ამ შემთხვევაში ვიზუალის) ნეგატიური შეფასების მიღების შიში“.

კვებითი აშლილობებს და დაბალ თვითშეფასებას შორის კავშირი არაერთი კვლევით არის გამოვლენილი. მენტალური ჯანმრთელობის ეს პათოლოგია ახალგაზრდა გოგონებისთვის უდიდესი პრობლემაა, რაც მათ მოზარდობის ასაკიდან ზრდასრულობის ასაკშიც გადაჰყვებათ ხოლმე. ასეთი ტოქსიკური სოციალური სტანდარტები გავლენას ახდენს არა მხოლოდ მათ კვებით ჩვევებზე, იწვევს მათში შფოთვებს, აგრესიას, სოციალური ქცევის ცვლილებას და ჩაკეტილობას. კვებით აშლილობებზე სოციალური მოლოდინების და სტანდარტების გავლენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანის მენტალური ჯანმრთელობა ღრმად არის დაკავშირებული სოციალურ და კულტურულ გარემოსთან.

ადრეულ პატრიარქალურ საზოგადოებებში ოჯახებს შორის ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ და მისაღებ ფორმად ოჯახის მიერ ახალგაზრდა გოგონების გათხოვება მიიჩნეოდა. ასეთ საზოგადოებებში პატარა გოგონებს - ბავშვებს ათხოვებდნენ ზრდასრულ, სექსუალურად მომწიფებულ მამაკაცებზე, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ, რომ იყო ქალზე სექსუალური ძალადობის სოციალურად მიღებული ფორმა იმ დროინდელი საზოგადოებებისთვის.

ისეთ ქვეყნებში, სადაც საზოგადოების სოციო-კულტურული საძირკველი ისევ გასული საუკუნეების ტრადიციებზე დგას და ქალის სოციალური იდენტობა „დაქვემდებარებულის“ სტატუსთან ისევ ახლოსაა, ოჯახში ქალზე ფიზიკური ძალადობა მისი „დასჯის“ სოციალურად მისაღებ ფორმადაც ითვლება და ამ საზოგადოებების წესების მიხედვით, არცერთ ქალს თავში აზრად არ უნდა მოუვიდეს ამის გაპროტესტება.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით ქალების 30% ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია სექსუალური ძალადობის გამოცდილება ან პარტნიორისგან ან არა პარტნიორისგან.

სექსუალური და ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს გადატანილი ტრავმული გამოცდილების შედეგად გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივაში უწევთ უამრავ ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ, მენტალურ და სექსუალურ პრობლემებთან, როგორც პოსტ ტრავმულ გამოცდილებასთან ბრძოლა, უმრავლეს შემთხვევაში ეს ის ბრძოლებია, რომლებზეც ისინი ხმამაღლა ვერ საუბრობენ.

გადატანილი ტრავმის შედეგად მოკლედვადიან პერსპექტივაში განიცდიან: შოკს, შიშს, შფოთვას, დანაშაულის შეგრძნებას, უმწეობის განცდას, ზიზღს სხვების და საკუთარი თავის მიმართ, უსამართლობის შეგრძნებას,საკუთარ სხეულზე და ცხოვრებაზე კონტროლის დაკარგვის განცდას. გრძელვადიან პერიოდში ამ გამოცდილების შედეგად უყალიბდებათ ისეთი ფსიქიკური დაავადებებები, როგორიცაა პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა, შფოთვითი აშლილობები და/ან დეპრესია.

პიროვნების მიერ თვითშეფასების და თვითაღქმის პროცესზე სოციო-კულტურული გარემოს უპირობო გავლენა, სოციუმის მიერ განსაზღვრული ქცევითი ნორმები და მათი პათოლოგიები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მენტალური დაავადებების დიაგნოსტირების პროცესში.

ისეთი დიაგნოსტიკური ტერმინები როგორიცაა, მაგალითად დეპრესია, არ უნდა იყოს მიჩნეული უნივერსალურ კონცეპტად და მისი განხილვა უნდა მოხდეს სოციალური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით.

ტოქსიკური მასკულინიზმი და მენტალური ჯანმრთელობა

ბოლო წლებში ხშირად გაიგებდით ან წაიკითხავდით ფრაზას „ტოქსიკური მასკულინიზმი“. ტოქსიკური მასკულინიზმი არის ქცევების და პიროვნული მახასიათებლების ის ერთობლიობა, რომელსაც საზოგადოებამ კულტურული და სოციალური კონტექსის გათვალისწინებით სქესი განუსაზღვრა და გადაწყვიტა, რომ აუცილებელი უნდა ახასიათებდეს ნამდვილ მამაკაცს. გასაგები ენით რომ ვთქვათ, ეს არის მაკულინურობის ის ვარიაცია, რომელსაც ზიანის მეტი არაფერი მოუტანია არც თვითონ მამაკაცისთვის, არც ქალისთვის და არც სრულიად საზოგადოებისთვის.

ტოქსიკური მასკულიზმის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია:

  • შეუპოვრობა (დაუმარცხებლობა) - კაცები ძლიერები, აგრესიულები და ემოციურად ურყევები უნდა იყვნენ
  • ანტი-ფენიმურობა - ყველაფერი, რაც საზოგადოების მიერ განსაზღვრულია ქალის მახასიათებლად და ფუნქციებად (ემოციების გამოხატვა, დახმარების თხოვნა, საშინაო საქმეები) ძალიან შორს უნდა იყოს მამაკაცის ხასიათისგან
  • ძალაუფლება - კაცი მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი მამაკაცი თუ აქვს ფული, სტატუსი, ძალაუფლება და სოციალური გავლენა.

ჩვენს ქვეყანაში პატარა ბიჭებს დღემდე ზრდიან ფრაზებით: „კაცივით მოიქეცი!“, „ნუ ტირი, კაცს არ უხდება ტირილი“, „რატომ ტირი, გოგო ხომ არ ხარ?“ - საზოგადოება წარმატებით ახერხებს ბავშვში ქვეცნობიერის ჩამოყალიბების პროცესშივე მამაკაცურობის შესახებ ტოქსიკური და დესტრუქციული რწმენების ინტერნალიზებას.

რა ხდება შემდეგ, როცა ეს ბიჭები იზრდებიან?

ეს ბიჭები იზრდებიან და ფიქრობენ, რომ ტირილი მხოლოდ „ქალების საქმეა“;

ეს ბიჭები იზრდებიან და გვატყუებენ და თავსაც ატყუებენ, რომ მათ არ ტკივათ, დახმარება არავისგან სჭირდებათ, ყველაფერს თვითონ გაუმკლავდებიან და საცრემლე ჯირკვალი ევოლუციურად მხოლოდ ქალებს აქვთ განვითარებული;

ეს ბიჭები იზრდებიან და სწავლობენ დუმილს საკუთარ ემოციებზე, სამაგიეროდ მუდამ ჩხუბობენ, ყვირიან, გაღიზიანებულები და აგრესიულები არიან. რთულია ამის დაჯერება, მაგრამ თითქოს საზოგადოებამ ასე გადაწყვიტა - ძალადობა ერთადერთი ლეგიტიმური და სოციალურად მისაღები ემოციური გამოხატულების ფორმაა კაცებისთვის.

სოციო-კულტურული ფაქტორების უარყოფითი გავლენა ორივე სქესის მენტალურ ჯანმრთელობაზე წარმოუდგენლად მაღალია. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეობა რომ ქალის და მამაკაცის (იგულისხმება ბიოლოგიური სქესი) დამახასიათებელი ქცევების სპეციფიკა განსაზღვრული იყო მხოლოდ ბიოლოგიური ფაქტორებით. სინამდვილეში, ქალის და მამაკაცის ქცევის განსაზღვრაში დღეს სოციალურ ფაქტორებს ბიოლოგიურ ფაქტორებზე უფრო მეტი სიტყვა ეთქმის.

მენტალურ ჯანმრთელობას სქესი არ აქვს, იგი „მსხვერპლს“ გენდერული სელექციონიზმის პრინციპით არ ირჩევს და მეტნაკლებად თანაბრად წარმოდგენილია ორივე სქესის ცხოვრებაში. უფრო მეტიც, არათუ არის წარმოდგენილი, სქესი და გენდერი (ე.წ „სოციალური სქესი“) მნიშვნელოვანი მსაზღვრელებიც კია მენტალური ჯანმრთელობის და დაავადებების დიაგნოსტირების პროცესში.

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG