Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა


ომბუდსმენი ლევან იოსელიანი "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულ თანამშრომლებს ხვდება.
ომბუდსმენი ლევან იოსელიანი "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულ თანამშრომლებს ხვდება.

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. კომპანიის შენობის წინ გამართულ შეხვედრაზე მათ ომბუდსმენს თავიანთი სამუშაო პირობები და პროტესტის მოთხოვნები გააცნეს.

ლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მიმართვამდე, პროტესტის დაწყების პირველი დღიდან, ომბუდსმენის აპარატმა თავისი ინიციატივით დაიწყო დასაქმებულების საკითხის შესწავლა.

"რამდენიმე საჯარო განცხადებაც გამოვაქვეყნეთ, სადაც მოვუწოდეთ როგორც დამსაქმებელს, ისე შრომის ინსპექციას, ჩართულიყო ამ საკითხის მოგვარებაში, იმიტომ რომ საქმე ეხება შრომით დისკრიმინაციას და ასე შემდეგ. უშუალოდ მედიაციას ვერ მოვახდენთ, ამის მანდატი არ გაგვაჩნია, მაგრამ ყველანაირ ძალ-ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

"ევოლუშენ ჯორჯიის" თანამშრომელთა ნაწილი 12 ივლისს გაიფიცა. გაფიცვის 33-ე დღეს სამმა მათგანმა შიმშილობა გამოაცხადა, პროტესტის 42-ე დღეს კი ერთ-ერთმა გაფიცულმა პირი ამოიკერა.

"დაგვპირდა, რომ მისი შესაძლებლობის და მანდატის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს. რაც შეეხება ჩვენს პროტესტს, შიმშილობა გრძელდება მეათე დღეა. სამმა დაიწყო, ორი შემოვრჩით ბოლომდე, იმიტომ რომ ერთი შეუძლოდ გახდა, მეოთხე დღეს სიცხემ აუწია და ამიტომ დროებით ჩამოშორდა პროცესებს, შემდეგ ჩაენაცვლა სხვა ადამიანი. ამ ადამიანს კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობის, მენტალურადაც, და მასაც მოუწია დაეტოვებინა ეს პროცესი. კიდევ ერთი შემოგვიერთდა და კვლავ სამი ვართ. ორი ჯანმრთელობადაზიანებული უკვე ჰყავს ამ პროცესს", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული თამარ ანსიანი.

თამარ ანსიანი
თამარ ანსიანი

მისი თქმით, ერთ-ერთმა თანამებრძოლმა პირის ამოკერვაზე გადაწყვეტილება მოშიმშილეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიიღო.

"ყველაზე დიდი მიზანი მისი იყო, მიექცია საზოგადოების ყურადღება, რაც შეიძლება მალე რომ დასრულებულიყო ეს პროცესი. ეს არ არის უბრალოდ რაღაც კომპანიაში შრომითი დავა, ეს ემსახურება საქართველოში შრომითი სტანდარტების გაუმჯობესებას", - ამბობს თამარ ანსიანი.

რაც შეეხება დამსაქმებელთან შეხვედრას, სახალხო დამცველის თანახმად, არ აქვთ "პირდაპირი მანდატი, გარდა დისკრიმინაციის შემთხვევისა, რომ კერძო სამართლის სუბიექტებთან შევიდეთ და მოვახდინოთ მათი შემოწმება".

21 აგვისტოს კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც გაფიცულ თანამშრომლებს მოუწოდა, „ნუ შეუქმნიან საკუთარ თავს და ჯანმრთელობას საფრთხეს, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, რადგან ამ გზით „ევოლუშენის“ პოზიცია, რომელიც ცხადი იყო ყველა მხარისთვის, არ შეიცვლება“.

საქართველოში "ევოლუშენი" 2018 წელს გამოჩნდა. შვედურ კომპანია „ევოლუშენ საქართველოში“ ამჟამად 7000-მდე ადამიანია დასაქმებული. სამუშაო ძალა ძირითადად ახალგაზრდებია. კომპანია ონლაინკაზინოებს ემსახურება. „ევოლუშენ საქართველო" ხუთ შენობაშია განთავსებული, ერთ ცვლაში კი 1000-მდე თანამშრომელი მუშაობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG