Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება


ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე

დეპუტატი ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება. ამის შესახებ დღეს, 20 აგვისტოს, გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„კონსულტაციები იყო მიხეილ სააკაშვილთან, კობა ნაყოფიასთან და იმ ადამიანებთან, ვისაც მე დიდი ხანია ვიცნობ და ბევრი გზა, გამარჯვება გვაქვს გამოვლილი... თუ გაიმარჯვებს "ქართული ოცნება", ისინი გააუქმებენ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყანა წავა დიქტატურისკენ. ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს მაღლა ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე ფიქრზე. ჩემი მხრიდან იმ პლატფორმაზე დაბრუნება, საიდანაც მე ბრძოლა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, არის ძალიან ბუნებრივი და ამაში განსაკუთრებული არაფერია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ბრიფინგამდე, დღეს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ფეისბუკში დაწერა, რომ ხატია დეკანოიძე პარტიაში ბრუნდებოდა და ის შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია.

„რაც შენ პარტია უსამართლოდ აჯანჯღარე, რაც შენ იკადრე, რა ტყუილებიც შენ ავრცელე ეთერებში. ახლა რა შეიცვალა, უკან რომ ბრუნდები, ხატია?! კეზერაშვილი არ არის პარტიაში?! თუ ხაბე [ლევან ხაბეიშვილი] არ არის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე?! თუ „ოლიგარქები“ არ მართავენ პარტიას?!.

საპარლამენტო სიის ხათრით იზელ ახლა ამ ყველაფერს. მიხვდი, რომ სხვაგან არსად არ დასჭირდით, შანსი არ გაქვს და აგერ ჩვენც მიგიღებთ, მერე რა, რომ ყველამ იცის ყველაფერი“.

ხატია დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 2023 წლის მარტში დატოვა. მაშინ მან თქვა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რამაც უთანხმოება გამოიწვია, იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გააქტიურება.

„ჩანს, რომ ვანო მერაბიშვილი ერევა პარტიის საქმიანობაში“, - განაცხადა მან 2023 წლის მარტში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG