Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო


კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ 20 აგვისტოს განაცხადა, რომ თვის დასაწყისიდან დედაქალაქზე ხუთი სარაკეტო შეტევაა მოგერიებული.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ 20 აგვისტოს განაცხადა, რომ თვის დასაწყისიდან დედაქალაქზე ხუთი სარაკეტო შეტევაა მოგერიებული.

უკრაინის რამდენიმე ოლქში და დედაქალაქ კიევში დილის ექვს საათამდე გაგრძელდა რუსეთის მორიგი შეტევის გამო დღეს, 20 აგვისტოს, შუაღამის შემდეგ გამოცხადებული საჰაერო განგაში.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი პოპკოს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში და დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს დრონებით და რაკეტებით შეუტიეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა სამიზნე გაანადგურეს. პოპკოს თანახმად, მსხვერპლი და ნგრევა არ არის.

საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აგვისტოს დასაწყისიდან კიევში საჰაერო განგაში 41-ჯერ გამოცხადდა და თვის განმავლობაში დედაქალაქზე უკვე მეხუთე სარაკეტო შეტევა იყო.

ქალაქ კიევის და კიევის ოლქის გარდა, საჰაერო განგაში იყო ჩერნიგოვის, პოლტავის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ნიკოლაევის, ვინიცის, სუმის და სხვა ოლქებში.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ რუსლან კრავჩენკოს ინფორმაციით, მოგერიებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა ოთხი კერძო სახლი, არავინ დაშავებულა.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად ენერგოობიექტები დაზიანდა გლუხოვსკის რაიონში, სადაც 72 დასახლებულ პუნქტში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 18,5 ათას ადამიანს.

უკრაინის ტერნოპოლის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დარტყმა იყო ერთ-ერთ საწარმოზე, სადაც ხანძარი გაუჩნდა საწვავი მასალების საცავს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ რაიონში მცხოვრებთ მოუწოდა, ფანჯრები დახურონ და დროებით გარეთ ნუ გავლენ, რათა თავიდან იყოს აცილებული კვამლით ინტოქსიკაცია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, დილის შვიდი საათისთვის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს და გრძელდება მუშაობა ცეცხლის სრულად ჩასაქრობად.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს ორი ბალისტიკური, ერთი ფრთოსანი და მართვადი საავიაციო რაკეტებით და 26 უპილოტო საფრენი აპარატით. ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სამი რაკეტა და 25 დრონი გაანადგურეს.

დღეს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ყირიმის თავზე.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული მსგავსი ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG