Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩიკაგოში დემოკრატების ყრილობა გაიხსნა - დელეგატებს პრეზიდენტმა ბაიდენმა მიმართა


ჩიკაგოში 19 აგვისტოს გაიხსნა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.
ჩიკაგოში 19 აგვისტოს გაიხსნა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჩიკაგოში გაიხსნა დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ ქვეყნის მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს.

59 წლის კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც 21 ივლისს შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს.

2024 წლის 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კამალა ჰარისი აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. რესპუბლიკური პარტიიდან მისი მეტოქეა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, 78 წლის დონალდ ტრამპი.

ჩიკაგოში დემოკრატების ოთხდღიანი ყრილობა 19 აგვისტოს, საღამოს, გაიხსნა. დელეგატების წინაშე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამოსვლამდე მას კამალა ჰარისმა მადლობა გადაუხადა ისტორიული ლიდერობის, მთელი ცხოვრების განმავლობაში ერის სამსახურისა და იმისთვისაც, რასაც მომავალში გააკეთებს.

დელეგატებისადმი მიმართვისას ამერიკული პოლიტიკის ვეტერანმა, 81 წლის ჯო ბაიდენმა, რომელსაც ხანგრძლივი ტაშით შეეგებნენ, ილაპარაკა თავის მრავალწლიან კარიერაზე და პრეზიდენტობის პერიოდის მიღწევებზე. ბაიდენის განცხადებით, იყო შეცდომებიც, მაგრამ ამერიკას მისცა ყველაფერი, რაც შეეძლო.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აქტიურ მხარდაჭერას დაჰპირდა კამალა ჰარისს და თქვა, რომ მისი კამპანიის საუკეთესო მოხალისე იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე. ჩიკაგო, 2024 წლის 19 აგვისტო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე. ჩიკაგო, 2024 წლის 19 აგვისტო

დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე კამალა ჰარისის საპროგრამო გამოსვლა 22 აგვისტოსაა დაგეგმილი.

ჩიკაგოს არენა United Center-თან, სადაც დემოკრატიული პარტიის ყრილობა მიმდინარეობს, 19 აგვისტოს გაიმართა ღაზის სექტორში ომის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია.

როგორც სააგენტო AP წერს, აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პალესტინელების მხარდამჭერი დემონსტრანტების ნაწილმა არენის გარშემო აღმართული ჯებირების პირველი რიგის გარღვევა შეძლო.

ჩიკაგოს პოლიციამ განაცხადა, რომ აღკვეთა უშუალოდ არენის ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა შეღწევა და ოთხი ორგანიზატორი დააკავა.

პალესტინელების მხარდამჭერები მსვლელობით მიემართებიან ჩიკაგოს არენა United Center-ისკენ, სადაც 19 აგვისტოს გაიხსნა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობა.
პალესტინელების მხარდამჭერები მსვლელობით მიემართებიან ჩიკაგოს არენა United Center-ისკენ, სადაც 19 აგვისტოს გაიხსნა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG