უკრაინულმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიევში მიიწვია „ყირიმის პლატფორმის“ მე-4 სამიტზე, რომელიც 11 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხაილო ხარიშინმა განუცხადა.
2023 წელს სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში სამუშაო ვიზიტით ჩასვლას გეგმავდა, თუმცა მაშინ მთავრობისგან ნებართვა ვერ მიიღო. ამასთან, იმავე წელს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში არ ჩასულა იმის გამო, რომ არ ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევა.
რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი "ყირიმის პლატფორმაში" მონაწილეობას ონლაინ მიიღებს.
საქართველოს პრეზიდენტი "ყირიმის პლატფორმაში" შარშანაც მონაწილეობდა, ის სამიტს დისტანციურად, ვიდეოზარის საშუალებით ჩაერთო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. წელს სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა შვეიცარიაში კიევის მიერ ინიციირებულ მშვიდობის ფორუმში, რომელზეც შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
მიხაილო ხარიშინის თქმით, ქართულ მხარეს მორიგი მოწვევა გაეგზავნა პარლამენტის დონეზეც.
“ასევე პარლამენტის დონეზე ტარდება ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ღონისძიებები, ტრადიციულად ოქტომბერში. გასულ წელს ღონისძიებაზე საქართველოს წარმოადგენდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი არჩილ თალაკვაძე, იგი საქართველო-უკრაინის პარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია. ღონისძიების ორგანიზატორების - უკრაინისა და ლატვიის სახელით - წელს ოქტომბერში რიგაში გაიმართება, პარლამენტის ხელმძღვანელობამ ასევე მიიღო ეს მოწვევა. გვაქვს მოლოდინი, რომ წელს სამიტში მოადგილეები მაინც მიიღებენ მონაწილეობას”, - თქვა უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა.
გასულ წელს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ვიზიტების გამო პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და მისი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ზურაბიშვილი განაგრძობს დამოუკიდებელ ვიზიტებს და შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან.
"ყირიმის პლატფორმა" უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივითაა შექმნილი. ის მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციასა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
ფორუმი