ხუთი ბრალდებულიდან ოთხი წინასწარ პატიმრობაშია, ერთმა კი გამოძიებასთან ითანამშრომლა, აღიარა დანაშაული და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე თავისუფლება მოიპოვა.
ამ გახმაურებულ საქმეზე სასამართლოს მტკიცებულებების განხილვა ჯერ არ დაუწყია, თუმცა საწყის ეტაპზევე პროკურატურა ამტკიცებს, რომ არაერთი მტკიცებულება აქვს, რაც ადასტურებს, რომ დაკავებულები კარგად შემუშავებული გეგმის მიხედვით, ერთმანეთთან შეთანხმებულად ძარცვავდნენ ბიბლიოთეკებს. ბრალდებულების ადვოკატები კი ამბობენ, რომ არ არსებობს დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები და არც ჯგუფის ორგანიზატორია გამოკვეთილი საქმეში, რომელსაც ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაცია აქვს.
გამოძიებას ამ დრომდე გამოკვეთილი არ ჰყავს ორგანიზებული ჯგუფის ლიდერი, არ არის ნაპოვნი დაკარგული წიგნების დიდი ნაწილი და იმის გადაჭრით თქმაც რთულია, რამდენი ბიბლიოთეკის ძარცვასთან აკავშირებენ მათ. ამ დროისთვის საერთაშორისო გამოძიება ათი ქვეყნის ათზე მეტი ბიბლიოთეკის ძარცვის საქმეს იძიებს, გახსნილი ეპიზოდი კი მხოლოდ ხუთია.
რა ვიცით დაკავებულებზე?
საქართველოში ბრალდებული ხუთი ადამიანიდან სამი ერთი ოჯახის წევრია - და-ძმა ქრისტინე და მათე ცირეკიძეები და მათე ცირეკიძის ცოლი ანა გოგოლაძე, რომელიც დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ამბობს, რომ ანა და მათე, როგორც ტურისტები, ხშირად მოგზაურობდნენ ევროპაში, ამ პერიოდებში აკითხავდნენ ბიბლიოთეკებს და გამოგონილი გვარ-სახელებით და ყალბი დოკუმენტებით მკითხველებად რეგისტრირდებოდნენ. სინამდვილეში ისინი იპარავდნენ მეცხრამეტე საუკუნის იშვიათ გამოცემებს და მათ ყალბი ვერსიებით ანაცვლებდნენ. გამოძიებისვე ვერსიით, ბილეთებისა და სასტუმროს ჯავშნების თანხებს ქრისტინა ფარავდა, რომელიც დანაშაულის ჩადენის ადგილებში თვითონ არ ჩნდებოდა.
წიგნების ქურდობაზე 2022 წელს ამ ოჯახის კიდევ ერთი წევრი დააკავეს - მათესა და ქრისტინეს მამა ბექა ცირეკიძე, რომელიც ერთხელ უკვე ნასამართლევია ანტიკვარული წიგნების ქურდობისთვის საქართველოში. ახლა ის ესტონეთის ციხეში იხდის სასჯელს. ბექა ცირეკიძეს საქართველოში ბრალი წარდგენილი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქურდობის იმ ეპიზოდებში, რომლებშიც მის შვილებს ასამართლებენ, მისი მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ ან ჯერ არ არსებობს.
ბექა ცირეკიძე საპატიმროდან ქართული ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუებში ამბობს, რომ მისი შვილი ქრისტინე გამოძიებას სასურველი ჩვენების მისაღებად და სხვა ადამიანებზე გასასვლელი კვალის საპოვნელად სჭირდება.
პროკურორი ლაშა კოტრიკაძე კი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქრისტინეს წინააღმდეგ მტკიცებულებებს შორის, გარდა ავიაბილეთების, სასტუმროს ჯავშნების, ბიბლიოთეკაში გამოგონილი ვინაობით ვიზიტების დამადასტურებელი ჩანაწერებისა, არის სხვაც. მაგალითად, ოჯახის წევრებს შორის მიმოწერა, რაც ადასტურებს იმას, რომ ისინი ქურდობას ერთად გეგმავდნენ.
საქმის ნაწილია ბიბლიოთეკების კამერების ჩანაწერები, რომლებშიც მართლაც ჩანს, როგორ შედის და გამოდის ახალგაზრდა წყვილი სამკითხველოებში, მაგრამ უშუალოდ წიგნების ბიბლიოთეკიდან გამოტანა ამ ჩანაწერებში არ არის.
ვარშავის ბიბლიოთეკიდან, რომლის ძარცვაშიც ბრალდება მათეს და ანას ადანაშაულებს, 70 რარიტეტული წიგნია დაკარგული, თუმცა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მხოლოდ ხუთი წიგნის ქურდობას ედავებიან. გამოძიების მტკიცებით, მათ ეს წიგნები ვენაში წაიღეს სანდო ადამიანისთვის გადასაცემად.
მათე და ანა ვარშავის ბიბლიოთეკაში 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში დარეგისტრირდნენ. პროკურატურის მტკიცებით, მათ ზუსტად იცოდნენ, რომელ წიგნებზე უნდა “ენადირათ.” იმ დროს, როცა პოლონეთის დედაქალაქის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკიდან წიგნები მოიპარეს, საქართველოს პროკურატურას უკვე ჰქონდა გამოძიება დაწყებული ევროპაში წიგნების ქურდობის საქმეზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებდნენ. Მათეც, ანაც და სამი სხვა ბრალდებულიც მხოლოდ 2024 წლის მაისში დააკავეს - გამოძიების დაწყებიდან მათ დაკავებამდე ათამდე ბიბლიოთეკის საცავია გაძარცვული.
მათე ცირეკიძეს ვარშავის გარდა, ბრალად ედება საფრანგეთის ორი - ლიონისა და პარიზის - ბიბლიოთეკების ძარცვაც. აქ მის დანაშაულში თანამონაწილეობას ბექა ახალაშვილს ედავებიან. გამოძიება ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცებმა 2023 წლის 3 ივლისს ჯერ ლიონის ბიბლიოთეკა გაძარცვეს, შემდეგ კი, ამავე წლის ოქტომბერში, მკითხველებად რეგისტრირებულებმა პარიზის ბიბლიოთეკაში შეარჩიეს ძვირფასი წიგნები, მოგვიანებით კი უკვე მათ მოსაპარად შენობაში შეღწევა სარდაფის ფანჯრიდან სცადეს.
3 ივლისს ლიონის ბიბლიოთეკაში მისული 30 წლამდე კაცი, გაუპარსავი წვერით და ზოლიანი მაისურით, ბიბლიოთეკარებს გაეცნო როგორც სტუდენტი, რომელიც რუსულ ლიტერატურას იკვლევს. გამოითხოვა პუშკინის მეცხრამეტე საუკუნეში გამოცემული ათი წიგნი და სამკითხველო დარბაზში დაჯდა სამუშაოდ. ორი საათის შემდეგ ამავე დარბაზში შევიდა სხვა კაცი, რომელმაც ბიბლიოთეკარს რაღაც ჰკითხა - სანამ ის მკითხველს პასუხობდა, „ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტმა“ ძვირფასი წიგნები ბიბლიოთეკიდან გაიტანა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ლიონის ბიბლიოთეკაში გაყალბებული ბელგიური პირადობის მოწმობა გამოიყენა. მოპარული წიგნებიდან ერთ-ერთია „ბორის გოდუნოვის“ 1825 წლის პირველი გამოცემა. ამ რარიტეტული წიგნის საწყისი ფასი რუსულ აუქციონზე 70 000 ევროა.
პარიზის ბიბლიოთეკის ძარცვაში ორი ეპიზოდია: ძარცვა და ძარცვის მცდელობა. პარიზის მე-13 ოლქში აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციის ეროვნული ინსტიტუტის სარდაფის ფანჯრიდან ღამით ბიბლიოთეკაში შესულმა ორმა მძარცველმა რამდენიმე ათეული გამოცემა გაიტაცა და ავტომობილით მიიმალა მას შემდეგ, რაც დღისით მკითხველების რეგისტრაციით უკვე იყვნენ ნამყოფი ბიბლიოთეკის საცავებში.
გამოძიებამ პარიზისა და ლიონის ბიბლიოთეკებში კალამსა და ტყავის ქამარზე ერთი და იგივე დნმ აღმოაჩინა და დაასკვნა, რომ ორივე ბიბლიოთეკა ერთმა და იმავე ადამიანებმა გაქურდეს. დასავლურ მედიაში მოგვიანებით ამ ამბის გაშუქებისას ივარაუდეს, რომ ეს ორი ადამიანი მონაწილეობდა შვეიცარიაში, ჟენევაში, პუშკინის გამოცემების ქურდობაშიც - ამ დანაშაულისთვის მაშინ იძებნებოდა 24 წლის საქართველოს მოქალაქე თანამზრახველთან ერთად. შესაძლებელია, რომ ეს იყოს ახლა უკვე დაკავებული მათე ცირეკიძე, თუმცა ქართული გამოძიება ჟენევის ქურდობის საქმესთან კავშირზე ჯერ არ საუბრობს.
14 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა საბრალდებო სიტყვაში მხოლოდ ის თქვა, რომ მათე ცირეკიძის და ბესიკ ახალაშვილის ფრანგული ბიბლიოთეკებიდან მოპარული წიგნების ნაწილი იპოვეს საფრანგეთში იმ სახლში, სადაც ახალაშვილი რჩებოდა. ამ წიგნების ავთენტურობის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნა სისხლის სამართლის საქმეში ჯერჯერობით არ დევს.
მეხუთე დაკავებულია რობერტ სატუროვი. მისი კავშირიც დანარჩენ ოთხ დაკავებულთან ნათლად არ ჩანს - გამოძიება ამბობს, რომ მან 2023 წლის ოქტომბერში მიუნხენის ბიბლიოთეკიდან გამოგონილი გვარ-სახელით გამოიწერა არაერთი ძველი გამოცემა, რომელთა შორისაც იყო რუსი მწერლის, ნიკოლაი გოგოლის წიგნები. Მიუნხენის ბიბლიოთეკაში დღეს ამ წიგნების ორიგინალის ნაცვლად მათი ოსტატურად დამზადებული ასლები დევს - ორიგინალები გამოძიების მტკიცებით, სწორედ რობერტ სატუროვმა მოიპარა. სატუროვის დაკავებისას იმ სახლში, სადაც დაკავების მომენტში იმყოფებოდა და რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელშია, სამი ფრანგულენოვანი წიგნი აღმოჩნდა.
ხუთივე ბრალდებული 2024 წლის გაზაფხულზე დააკავეს საქართველოში - როგორც პროკურორი ლაშა კოტრიკაძე გვეუბნება, მას შემდეგ, რაც დასავლურ მედიაში გახმაურდა პარიზისა და ლიონის ბიბლიოთეკების ძარცვის შემთხვევები, არცერთ ბრალდებულს, რომლებიც მანამდე ხშირად მოგზაურობდნენ ევროპაში, საქართველოს საზღვარი აღარ გადაუკვეთია.
ყველა დაკავებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
რა ეტაპზეა გამოძიება?
“პუშკინის ქურდების” საქმე ყველაზე ცოტა, ათი ბიბლიოთეკის ძარცვას აერთიანებს - საქართველოს პროკურატურა 5 ბრალდებულით გახსნილად აცხადებს ამ მასშტაბური ქურდობის 5 ეპიზოდს: ესენია პარიზის, ლიონის, ვარშავის და მიუნხენის ბიბლიოთეკებში ჩადენილი ქურდობები. Გამოძიებას დასადგენი აქვს რა მოხდა ფინეთში, ესტონეთში, შვეიცარიაში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში - ამ ქვეყნების მსხვილი ბიბლიოთეკებიდანაც ქრებოდა გასულ წლებში რარიტეტული გამოცემები. Ბოლო გახმაურებული ქურდობა 2024 წლის დასაწყისში მოხდა, როცა ბერლინის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში მეცხრამეტე საუკუნის რუსული გამოცემები მოიპარეს. გამოძიებას ამ საქმეზე ბრალდებული არ ჰყავს.
ჰყავდა თუ არა ამ ორგანიზებული ჯგუფს ლიდერი? როგორ და სად, ვისი შუამავლობით იყიდებოდა მოპარული წიგნები? ამ კითხვაზე საქართველოში ჩატარებულ გამოძიება არ ლაპარაკობს.
არც იმაზე - რა კავშირი აქვთ საქართველოსი დაკავებულებს ევროპის ქვეყნებში ბრალდებულ და გასამართლებულ არაერთ საქართველოს მოქალაქესთან. Მაგალითად, 2024 წლის დასაწყისში უკვე ცნობილი იყო რომ პარიზის ბიბლიოთეკების ძარცვისთვის ბელგიის აეროპორტში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 48 წლის მიხეილ ზ., რომელიც ყალბი საბუთებით მოგზაურობდა ევროპაში. ფრანგული მედია წერდა კიდევ ერთ დაკავებულზე, 58 წლის ვალერიან რ. -ზე, რომელიც შესაძლოა მიხეილ ზ.-ს თანამზრახველი ყოფილიყო.
ღიად არის კითხვა იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ქურდობების ეს სერია იყოს საქართველოში ანტიკვარულ გამოცემებზე “ნადირობის” გაგრძელება - საქართველოში რარიტეტული წიგნების ქურდობისთვის ერთხელ უკვე გასამართლებული და ახლაც ესტონეთის ციხეში მყოფი ბექა ცირეკიძე, მათე და ქრისტინე ცირეკიძეების მამა ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ზურაბ ეცადაშვილის კვალზე სურს გასვლა.
ესაა ადამიანი, რომელიც 2010 წელს იყო დაკავებული ეროვნული არქივის ბიბლიოთეკების საცავებიდან რარიტეტული წიგნების ქურდობისთვის - მაშინ ეცადაშვილი არქივის ბიბლიოთეკის დირექტორი იყო და მისი თანამზრახველობა ედება ბრალად “ქართული ფილმის” სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორს, არჩილ გელოვანსაც, რომელიც გამოძიების მიხედვით ეცადაშვილის მოპარულ წიგნებს ყიდულობდა.
ჯერ ჯერობით არც ქართველი და არც ევროპელი გამომძიებლები არ საუბრობენ იმაზე, ვინ იყო მოპარული წიგნების მუშტარი. ვარშავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მოპარული რამდენიმე წიგნი, მათზე დატანილი ბეჭდით ამოიცნეს ბიბლიოთეკარებმა რუსეთის ლიტერატურულ აუქციონებზე გაყიდულ წიგნებს შორის.
ევროპის ბიბლიოთეკებიდან მოპარული წიგნების არასრული სია ასეთია: ალექსანდრე პუშკინის 1826 წლის გამოცემა, მიხაილ ლერმონტოვის რომანის, „ჩვენი დროის გმირის“ 1826 წლის გამოცემა, ნიკოლაი გოგოლის 1841 წელს გამოცემული „ინსპექტორი“, პუშკინის პიესა „ბორის გოდუნოვი“ - 1981 წლის გამოცემა და ასევე, „პუგაჩოვის ისტორია“. მოპარულია უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ლექსების 1840 წლის გამოცემაც. Უკვე დათვლილი ზიანი 2 მილიონ ევროს აჭარბებს.
თბილისის საქალაქო სასამართლო ამ საქმის განხილვას16 სექტემბერს დაიწყებს.
ფორუმი