Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზსადენ ”ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქების ბრალდებით გერმანიამ უკრაინელი მოქალაქის დაპატიმრების ორდერი გასცა


ბუნებრივი აირის გაჟონვა ბალტიის ზღვაში. 2022 წელი
ბუნებრივი აირის გაჟონვა ბალტიის ზღვაში. 2022 წელი

გერმანული გამოცემების, Süddeutsche Zeitung-სა და Die Zeit-ის ცნობით, გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ რუსულ გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადის” (Nord Stream) აფეთქების საქმეზე გასცა უკრაინელი ვლადიმირ ზ.-ის დაკავების ორდერი.

"ნასტოიაშჩეე ვრემიას" ინფორმაციით, აფეთქების საქმეში ბრალდებულია სამი უკრაინელი მყვინთავი (დაივინგის ინსტრუქტორი). მაგრამ ორდერი გაიცა მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე - ვლადიმირ ზ.-ზე. გამომძიებლების თქმით, მან და მისმა თანამზრახველებმა გაზსადენებზე ასაფეთქებელი ნივთიერებები მიამაგრეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახთან ერთად ვარშავის გარეუბანში ცხოვრობდა. მისი დაპატიმრების ორდერი ჯერ კიდევ ივნისში გაიცა, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ვლადიმირ ზ. უარყოფს დანაშაულის ჩადენას.

გაზსადენების აფეთქების საქმეში ექვსი ადამიანი ფიგურირებს: ერთი ქალი და ხუთი მამაკაცი, მათ შორის ვლადიმირ ზ. გამომძიებლების თქმით, 2022 წლის სექტემბერში მათ დატოვეს ჰო-დუნის პორტი და იახტა “ანდრომედათი” როსტოკში გაემართნენ. პროკურატურა აცხადებს, რომ ეჭვმიტანილებმა რამდენიმე კუნძული გაიარეს და შემდეგ კვლავ როსტოკში დაბრუნდნენ. ამ მოგზაურობის დროს მყვინთავებმა (დაივერებმა), სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერებები მიამაგრეს მილსადენებზე.

გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა" და „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" ოთხიდან სამი ხაზი 2022 წლის სექტემბრის ბოლოს დაზიანდა ძლიერი აფეთქებების შედეგად. გამოძიებაში მონაწილე კომპანია Blueye Robotics-ის თანახმად, 80 მეტრის სიღრმეში მილსადენის მრავალმეტრიან მონაკვეთზე მილები ან არ არის, ან მათი ნამსხვრევები ფსკერზეა მიმოფანტული.

დასავლეთის ოფიციალური პირები აფეთქებებში თავიდან რუსეთს ადანაშაულებდნენ, თავის მხრივ, მოსკოვი დასავლეთს სდებდა ბრალს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG