Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა ქალაქ სუჯის ცენტრში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნეს


ეს კადრები აღებულია უკრაინელი სამხედროების მიერ გადაღებული ვიდეოდან. 12 აგვისტო, 2024 წელი
ეს კადრები აღებულია უკრაინელი სამხედროების მიერ გადაღებული ვიდეოდან. 12 აგვისტო, 2024 წელი

უკრაინელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომლის გეოლოკაცია კურსკის რეგიონის ქალაქ სუჯის ცენტრს, კარლ მარქსის ქუჩას აფიქსირებს. ვიდეოს გადაღების თარიღი უცნობია. ვიდეოზე გამოსახული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი ირწმუნება, რომ ქალაქის ცენტრში რუსი ჯარისკაცები არ უნახავს.

12 აგვისტოს გამოქვეყნებული სხვა ვიდეო ქალაქის ცენტრში, სოვეცკაიას მოედნის მახლობლად მოძრავი სამხედროების ჯავშანმანქანის ფანჯრიდან არის გადაღებული. ვიდეოზე არც რუსეთის არმიის კვალი არ ჩანს და არც მშვიდობიანი მოქალაქეები არ იმყოფებიან ქალაქში.

რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა, დიდი ალბათობით, უკრაინის სამხედრო ძალების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს.

მოსკოვსა და კიევს ამ ცნობებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
საბრძოლო პირობებში შეუძლებელია მსგავსი ცნობების სწრაფად გადამოწმება.
12 აგვისტოსვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული სამხედრო ტექნიკა კურსკის რეგიონში, ქალაქ სუჯის აღმოსავლეთ გარეუბანში, დააფიქსირეს. ეს შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სრული კონტროლი აქვთ დამყარებული ქალაქზე.

ქალაქი სუჯა გახდა კურსკის რეგიონში უკრაინის არმიის 6 აგვისტოდან დაწყებული შეტევის მთავარი სამიზნე. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები და მოქმედი სამხედროები ამბობენ, ქალაქის აღება უკრაინელებს საშუალებას მისცემს, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გააგრძელონ შეტევა.

რუსეთის ხელისუფლება უკვე აღარ მალავს, რომ უკრაინის ჯარები რუსეთის კურსკის ტერიტორიაზე დაახლოებით 12 კილომეტრის სიღრმეში არიან შესული, ბრძოლა მიმდინარეობს და უკრაინა აკონტროლებს 489 კვადრატულ კილომეტრს.

ორჯერ მეტს ამბობს უკრაინული მხარე. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ კურსკის შეტევაზე პრეზიდენტ ზელენსკისთან მოხსენებისას 12 აგვისტოს განაცხადა: „ჩვენ განვაგრძობთ შეტევით ოპერაციას კურსკის ოლქში. მოცემული მომენტისთვის ჩვენი კონტროლის ქვეშაა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დაახლოებით 1000 კვადრატული კილომეტრი“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG