კურსკის ოლქის 28 დასახლებული პუნქტი ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშაა, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საზღვრებთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ თათბირზე მოახსენა ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა.
მისი განცხადებით, საბრძოლო შეტაკებების ხაზი არასტაბილური და ბუნდოვანია, უკრაინის ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 12 კილომეტრის სიღრმეში არიან შესული, ბრძოლა მიმდინარეობს და უკრაინა აკონტროლებს 489 კვადრატულ კილომეტრს.
უცნობია, უკრაინელების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ორი ათასი ადგილობრივის ბედი, მათთან კავშირი ვერ მყარდება.
სმირნოვმა პუტინს აცნობა ასევე, რომ 6 აგვისტოს კურსკის ოლქში უკრაინული არმიის შეტევის შემდეგ დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, 121 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 ბავშვია.
სმირნოვის თანახმად, კურსკის ოლქიდან ევაკუირებულია და დამოუკიდებლად გავიდა 212 ათასი მცხოვრები. 181 ათას ადამიანს ესაჭიროება ევაკუაცია.
ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბევრი ადგილობრივი მცხოვრები ცდილობს დატოვოს საცხოვრებელი რეგულარული სროლისა და დრონების თავდასხმის გამო.
მისი თქმით, სასაზღვრო ქალაქი შებეკინო უკვე დატოვა მოსახლეობის 50-70%-მა.„დაძაბულობა მოსახლეობას შორის იზრდება“, - განაცხადა მან.
სასაზღვრო კრასნოიარუჟსკის რაიონიდან ხელისუფლებას ხალხი უფრო უსაფრთხო ადგილებში გაჰყავს. გლადკოვმა აღნიშნა, რომ სროლის გამო ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება ვერ ახერხებს სასაზღვრო რაიონებში ინფრასტრუქტურის აღდგენას.
ვლადიმირ პუტინმა თათბირზე უარყო უკრაინელ მეთაურობასთან მოლაპარაკების შესაძლებლობა და განაცხადა, რომ კიევთან „არაფერია სალაპარაკო“. მანვე თქვა, რომ არ გამორიცხავს რუსეთთან სასაზღვრო რეგიონებზე მორიგ თავდასხმას, მათ შორის ბრიანსკის ოლქზე.
პუტინმა აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე თავის მოქმედებებზე "უპირობოდ მიიღებს საკადრის პასუხს" და "სპეცოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება".
უკრაინის თავდაცვის ძალები 6 აგვისტოს შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში. სხვადასხვა წყაროს თანახმად, სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან უკრაინელებმა კურსკის ოლქის სიღრმეში წინ წაიწიეს 30-35 კილომეტრის მანძილზე.
ფორუმი