პროექტის ინვესტორი „ამბასადორი“ ჯგუფია, რომელსაც სურს ბათუმში, რკინიგზის სადგურთან, შავი ზღვის აკვატორიაში, ხელოვნური კუნძული ააშენოს. ინვესტიციის საერთო ღირებულება 100 მილიონი დოლარია.
„დაუშვებლად მიგვაჩნია კუნძულის მშენებლობა/მოწყობა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, რამდენადაც კუნძულის განსახილველი საპროექტო ტერიტორია ფარავს „ტერმინალ 1-ის" ნავმისადგომზე მომავალი საზღვაო ნავთობტანკერების შემოსვლა-მანევრის და დგომის არეალს...
„ამბასადორი ბათუმი აილენდისგან“ ინტენსიურად და ქაოტურად მიმდინარეობს ინერტული მასალების ჩაყრა შპს „ტერმინალ 1-ის" ნავმისადგომის და ხომალდების შემოსვლის მარშრუტის მიმართულებით, გადაადგილდება მძიმე ტექნიკა, ადამიანები, უახლოვდებიან გადატვირთვის ადგილს, სადაც ტელეფონის უბრალოდ შეტანაც კი ფეთქებადსაშიშია, რომ აღარ ვისაუბროთ ღია ტერიტორიიდან საბოტაჟის შესაძლებლობაზე“, - ეს წერია გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის კომპანია „ტერმინალ 1-დან" გაგზავნილ წერილში.
ამ წერილს თან ერთვის კომპანია „ანკორ ინჟინერინგის“ მომზადებული პირველადი შეფასება ბათუმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობასთან დაკავშირებით. მასში წერია, რომ ხელოვნური კუნძულის მშენებლობა საფრთხის შემცველი იქნება როგორც ტერმინალისთვის, ისე ამ კუნძულისთვის.
პირველადი დასკვნის მიხედვით, კუნძულის აშენების შემთხვევაში, უსაფრთხოების მიმართულებით რამდენიმე საკითხი იჩენს თავს:
- არხი, რომლის გავლითაც „ტერმინალ 1-ში" გემები შედიან, 40 მეტრით იქნება დაშორებული ხელოვნური კუნძულიდან;
- გემისთვის საჭირო მოსაბრუნებელი სივრცე პატარავდება;
- გემი მით უფრო უსაფრთხოდ დგას, რაც უფრო სიღრმეშია ღუზა ჩაშვებული - ნაპირის გასამაგრებელი სამუშაოების შემდეგ შესაძლოა დინებამ, ტალღამ ან ქარმა ღუზა მოწყვიტოს;
- სამომავლოდ იგეგმება ტერმინალის გაღრმავება, რამაც შეიძლება დააზიანოს კუნძული;
- კუნძულის ნაპირების გასამაგრებლად აუცილებელია მისი ქანობები იყოს ციცაბო, ტერმინალში შესული გემის ღუზის მოწყვეტის შემთხვევაში კი მისი დაზიანების საფრთხე ჩნდება.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ წერილობით აცნობა, რომ დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენამდე სააგენტო „მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე“.
ფორუმი