Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“: ივანიშვილს 1998 წლის შემდეგ რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია


ბიძინა ივანიშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე
ბიძინა ივანიშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე

„ქართული ოცნება“ სიცრუეს უწოდებს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის შესახებ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში გაჟღერებულ ინფორმაციას მოსკოვში ქონების შეძენაზე. პარტიაში ამბობენ, რომ ივანიშვილს 1998 წლის შემდეგ რუსეთში ქონება არ შეუძენია.

„არავისთვის დასამალი არ არის, რომ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი სწორედ რუსეთში მოღვაწეობდა და აქტივების დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში დააგროვა...

დაშვების დონეზე, ყველაფერი სწორედ ისე რომ იყოს, როგორც სტატიაში წერია, ავტორების მიერ მოყვანილი არც ერთი ტყუილი გარემოება არავითარ კანონდარღვევას არ შეიცავს - არც ქონების შეძენა და არც მისი ფლობა“, - წერია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილს 2013 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ დაუმალავს, რომ მისი ცოლი ეკატერინა ხვედელიძე რუსეთის დედაქალაქში ფლობდა საცხოვრებელ სახლს და სამ მიწის ნაკვეთს:

„იმ ინფორმაციის „სკანდალად“ წარმოჩინების მცდელობა, რაც 11 წელია ისედაც საჯაროა და ეს ყველაფერი დეკლარაციაშია ასახული, მიანიშნებს ერთადერთ რამეზე - სტატიის ავტორს აქვს დაკვეთა, რომ მოურიდებლად გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე“.

დღეს, 9 აგვისტოს, გამოქვეყნდა „აი, ფაქტის“, OCCRP-ს, iStories-ის (რუსეთი), GMC-ს, „სტუდია მონიტორისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება. მასში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მოსკოვში ქონებას ფლობს, მათ შორის ამ ქონების ნაწილი ბოლო წლებში შეიძინა.

ჟურნალისტებმა სცადეს ინფორმაციის „ქართულ ოცნებაში“ გადამოწმება, თუმცა მათ კითხვებს არ უპასუხეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG