Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შეიარაღებული ძალები საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებენ კურსკის რეგიონში


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსი "სამხედრო კორესპონდენტების" თანახმად, კურსკის რეგიონში ბრძოლები მიმდინარეობს ოცდაათი კილომეტრის დაშორებით ქალაქ კურჩატოვიდან, სადაც კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. კიდევ უფრო ახლოს, თხუთმეტი კილომეტრის დაშორებით, მდებარეობს რეგიონული ცენტრი ლგოვი, რომელშიც დაახლოებით 17 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

იმავე წყაროთა ცნობით, უკრაინელი სამხედროები აშენებენ საფორტიფიკაციო ნაგებობებს კურსკის ოლქის იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც ორდღიანი ბრძოლების შემდეგ დაამყარეს კონტროლი.

ასევე, სამხედრო უწყებასთან დაახლოებული რუსული ტელეგრამის არხებით ვრცელდება ინფორმაცია აფრიკიდან საბრძოლო გამოცდილების მქონე კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ჯგუფების გადასროლის შესახებ, ვინაიდან რეგულარულ რუსულ არმიას ჯერ არ შეუძლია უკრაინის შეიარაღებული ძალების განდევნა მათ მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან.
თავის მხრივ, უკრაინული წყაროები იუწყებიან, რომ მოწინააღმდეგეს უკვე ჩაბარდა ორმოცდაათზე მეტი რუსი ჯარისკაცი, რომელთაგან ზოგიერთი წვევამდელია.
“ინსაიდერი” სხვადასხვა წყაროზე, მათ შორის ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 6 აგვისტოს რუსეთის კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე შეჭრიდან დღემდე, უკრაინელმა სამხედროებმა თერთმეტ დასახლებულ პუნქტზე დაამყარეს კონტროლი.

ძირითადად, საუბარია ძალიან მცირე დასახლებებზე, მაგრამ ჯამში უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ დაახლოებით 350 კვადრატულ კილომეტრს, რაც ზომით ქალაქ ხარკოვის ტერიტორიას უტოლდება.

"ნასტოიაშჩეე ვრემიას" ინფორმაციით, რუსეთის არმიამ 8 აგვისტოს რამდენიმე საჰაერო ბომბი ჩამოაგდო უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე, მათ შორის სოფელ დარიინოს სკოლის მახლობლად. უცნობია, მოხდა თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია.

  • მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, პირველი უკრაინელი ოფიციალური პირია, რომელმაც ტელეგრამის არხის საშუალებით გააკეთა კომენტარი კურსკში განვითარებულ მოვლენებზე.
  • პოდოლიაკი არ ახსენებს უკრაინელი სამხედროების შეტევას, მაგრამ ამბობს, რომ რუსეთი იმას იმკის, რაც დათესა.
  • "ნებისმიერი ესკალაციის, დაბომბვის, ბრძოლის, იძულებითი ევაკუაციის, ცხოვრების ჩვეული ფორმატების განადგურების მიზეზი - მათ შორის თავად რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკისა და ბელგოროდის რეგიონების ჩათვლით - მხოლოდ ერთია: ესაა რუსეთის უპირობო აგრესიის ფაქტი, მისი მცდელობა, ხელთ იგდოს უცხო ტერიტორიები და უგულებელყოს საერთაშორისო სამართლის ნორმები", - წერს მიხაილო პოდოლიაკი.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს „კიევის რეჟიმის მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა.
  • რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი მოითხოვს, რომ კურსკის ოლქზე უკრაინის „ტერორისტულ ოპერაციას“ მოჰყვეს „პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგი“.
  • მედვედევი აცხადებს, რომ [რუსებმა] „ჯერ კიდევ არსებული უკრაინის“ მიწებიც უნდა დაიპყრონ და წავიდნენ „ოდესამდე, ხარკოვამდე, დნეპროპეტროვსკამდე, ნიკოლაევამდე, კიევამდე და უფრო შორს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG