Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრების გაცვლა დასავლეთსა და რუსეთს შორის. რა არის ცნობილი


ევან გერშკოვიჩი
ევან გერშკოვიჩი

15:45 სთ. ტელეკომპანია CBS-ის ცნობით, დიდი გაცვლის ფარგლებში რუსეთი საპატიმროდან ათავისუფლებს 24 ადამიანს. როგორც ამტკიცებენ, 12 პოლიტპატიმარს გაცვლის ფარგლებში რუსეთიდან გერმანიაში გაამგზავრებენ. რუსეთში კი დაბრუნდება რვა პატიმარი, მათ შორის ვადიმ კრასიკოვი.

15:40 სთ. ტელეკომპანია CNN-ი ამტკიცებს, რომ გაცვლა „პირდაპირ ახლა“ ხდება და მასში აშშ-ისა და რუსეთის გარდა, გერმანიაც მონაწილეობს.

15:30 სთ. სააგენტო Bloomberg-ი ევროპელ მოხელეებზე დაყრდნობით წერს, რომ გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდება რუსეთის საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა.

ოცი წუთის შემდეგ, „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და კიდევ ერთი ამერიკელი, პოლ უილანი, გათავისუფლდნენ და ამჟამად რუსეთს ტოვებენ. სხვა დეტალები არ გავრცელებულა. უცნობია, საით მიემგზავრებიან ისინი და დატოვა თუ არა თვითმფრინავმა რუსეთის ტერიტორია.

მოსალოდნელ გაცვლასთან დაკავშირებით რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა თავის განცხადებაში ახსენა ევან გერშკოვიჩი და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ყაზანის სასამართლოს მიერ გასამართლებული ალსუ კურმაშევა: „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა უსამართლოდ დაკავებული პოლიტპატიმარი, განსაკუთრებით ჟურნალისტები, როგორებიც არიან ალსუ და ევანი, დაუბრუნდებიან თავიანთ საყვარელ ადამიანებს. ჟურნალიზმი დანაშაული არ არის“, - ნათქვამია სტივენ კაპუსის განცხადებაში.

მაგრამ ვაშინგტონში, მოსკოვში ან სხვაგან არც ერთ სამთავრობო ოფიციალურ პირს არ გაუკეთებია კომენტარი პატიმართა გაცვლის შესაძლებლობაზე.


"ამ თემაზე კომენტარი ჯერ კიდევ არ მაქვს", - განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 1 აგვისტოს ჟურნალისტების კითხვაზე.

თუმცა 1 აგვისტოს ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე ნიშანზე, რომლებიც ცივი ომის შემდეგ პატიმართა ყველაზე დიდ გაცვლაზე მიუთითებს.
ბოლო დღეებში ცხრა რუსი აქტივისტი და ერთი ამერიკელი მოქალაქე მოულოდნელად გადაიყვანეს რუსეთის ციხეებიდან, ხოლო აშშ-ის ციხეებში მყოფი სხვა რუსები გაქრნენ ციხის მონაცემთა ბაზებიდან, რაც აჩენს ვარაუდებს, რომ შესაძლოა მიმდინარეობს პატიმრების დიდი გაცვლა რუსეთში, შეერთებულ შტატებსა და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში.
კალინინგრადში ჩაფრინდა თვითმფრინავი ან-148, რომელიც ვიქტორ ბუტის გაცვლის დროს გამოიყენეს.

როგორც სააგენტო „აგენტსტვო“ იტყობინება, ან-148 ტიპის თვითმფრინავი საბორტო ნომრით RA-61727 რუსეთის პრეზიდენტის საფრენ რაზმ „როსსიას“ შემადგენლობიდან, მოსკოვის აეროდრომ ვნუკოვოდან 31 აგვისტოს დილით გაფრინდა და ორსაათ-ნახევრის ფრენის შემდეგ კალინინგრადში დაეშვა. ხოლო პორტალ Flightradar24-ის თანახმად, იგივე თვითმფრინავი ორი საათის განმავლობაში უკან გაფრინდა.

ამ ნომრიანი თვითმფრინავი 2022 წლის დეკემბერში ვიქტორ ბუტის ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრაინერზე გაცვლის დროს გამოიყენეს.

ხოლო ასევე ან-148 თვითმფრინავები (საბორტო ნომრებით RA-61712 და RA-61716) უფრო ადრე, 2022 წლის აპრილში, გამოიყენეს კონსტანტინ იაროშენკოს ამერიკელ სტუდენტ ტრევორ რიდში გაცვლისთვის.

შუადღის 14:15 საათზე კი მოსკოვიდან თურქეთში გაფრინდა რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მმართველობის კუთვნილი ორი თვითმფრინავი, რომლებიც იქ 16:00-საათზე იქნებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG