Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტიზამ უნდა გადაწყვიტოს - რომან ფიფია კობახიძეს პასუხობს


„დინამოს“ სტადიონი ამორტიზებულია - ირაკლი კობახიძე
„დინამოს“ სტადიონი ამორტიზებულია - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „დინამო არენა“ „ამორტიზებულია“, „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომან ფიფია მას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ ეს საკითხი ექსპერტიზამ უნდა გაარკვიოს. 

„დინამო ისტორიული ადგილია, ამიტომ რომელიმე კერძო პირის ან მთავრობის ინტერესებიდან გამომდინარე, სტადიონისთვის „არასაჭირო“ სტატუსის მინიჭება არარეალური მგონია“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომან ფიფია და ამ საკითხს მეტად აღარ განავრცობს.

ბიზნესმენი, რომელმაც ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი სახელმწიფოსგან 49-წლიანი იჯარით 2011 წლის აგვისტოდან აიღო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას „ამორტიზებულ დინამოსთან“ დაკავშირებით, რადიო თავისუფლებასთან წერილობით გამოეხმაურა.

ფიფია წერს, რომ მე-6 და მე-7 სექტორებს შესაძლოა, გარკვეული პრობლემა მართლაც ჰქონდეს; პირველი იარუსი გასული საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული, მეორე კი შედარებით ახალია. მისი მშენებლობა 1978 წელს დასრულდა.

„ეს ორი ნაგებობა ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია, რაც ნიშნავს, რომ პირველი იარუსის პრობლემის არსებობის შემთხვევაშიც კი, მეორე იარუსის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა“, - განმარტავს ფიფია და ამატებს, რომ ამ იარუსზე სამხარაულის ბიუროს „დეტალური ექსპერტიზა“ არ ჩაუტარებია, დღემდე არსებული დასკვნები „მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების შედეგია“.

„იმისთვის, რომ დადგინდეს, ამორტიზებულია თუ არა „დინამო არენას“ პირველი იარუსის ნაწილი, აუცილებელია, ჩატარდეს დეტალური ექსპერტიზა...“, - ამბობს ფიფია.

ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონი
ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონი

ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ახალი სტადიონის მშენებლობაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა პირველად, 30 ივლისს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უწოდა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას“ ამორტიზებული.

„ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მეორედ კი, 31 ივლისს ჟურნალისტის კითხვის პასუხად დააზუსტა, რომ „ექსპერტიზასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები არიან პასუხისმგებლები და დამატებით ინფორმაციასაც ისინი გაავრცელებენ“.

„დინამო არენა“ მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონია საქართველოში და 54 139 მაყურებელს იტევს. ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაა, მის მოვლაზე პასუხისმგებლობა კი იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად, 49 წლის განმავლობაში თბილისის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ“ აიღო.

საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ოფიციალური მფლობელი ფიფიების ოჯახი 2010 წელს გახდა. ფიფიამ საქმიანი და პროფესიული კარიერა რუსეთის ფედერაციაში დაიწყო, სადაც აფხაზეთიდან ჩავიდა. იგი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ბიზნესსექტორში, როგორც მენეჯერი ან მფლობელი/აქციონერი. 1998 წლიდან ბიზნესსაქმიანობას ეწევა საქართველოშიც, რომან ფიფიას დაფუძნებულია კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპიც“.

2024 წლის 10 აპრილს „დინამო თბილისმა“ Facebook-ზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია!“.

რამდენიმე დღეში, 22 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „აგენტების კანონზე“ საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ პოზიცია გააკრიტიკა და კლუბის მფლობელსა და პრეზიდენტს, რომან ფიფიას „დინამოსთვის“ საზიანო ქმედებებში დასდო ბრალი.

„ეს ადამიანები „თბილისის დინამოს“ სახელით, სპორტული კლუბის სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა, როგორც ჩანს, პოლიტიკაში „თბილისის დინამოს“ მფლობელი... ცოტა ხნის წინ, ამ ადამიანებს, ვინც დღეს არის „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა....“, - თქვა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრი გულისხმობს რომან ფიფიას 8 იანვარს გავრცელებულ განცხადებას, სადაც ბიზნესმენმა გამოხატა ინიციატივა, გადავიდეს „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა დიღმიდან სხვა ტერიტორიაზე, მის ადგილას კი საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდეს. ამ ინიციატივის გამო რომან ფიფიამ თბილისის მერის, კახა კალაძის კრიტიკაც დაიმსახურა.

„სანამ მე დედაქალაქის მერი ვარ, არ იქნება მიღებული ასეთი გადაწყვეტილება. საწვრთნელი ბაზის დანგრევა მიუღებელია. ეს [ამჟამინდელი ბაზა] ისტორიაა, რომელიც ქვეყანას უნდა დარჩეს“, - ასე გამოეხმაურა მაშინ კახა კალაძე რომან ფიფიას ჟურნალისტებთან.

„დინამოს“ სტადიონის ამორტიზების შესახებ ცნობები ახალი და ფრაგმენტულია. აქამდე მსგავსი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

2015 წელს უეფას სუპერ თასის მატჩისთვის სტადიონის რეკონსტრუქციაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი დაიხარჯა და მას შემდეგ სტადიონმა უამრავ საერთაშორისო დონის ღონისძიებას უმასპინძლა.

სტადიონს კიდევ ერთი რეკონსტრუქცია 2023 წლის უეფას ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის წინ ჩაუტარდა, რომლის თანამასპინძელიც საქართველო იყო. მაშინ კლუბმა გაავრცელა ცნობა, რომ განახლდა გასახდელები, საშხაპეები, ლოჟები (ვიპ, პრესის, კომენტატორების ოთახები, სტუმართა ლოჟა).

„დინამო არენაზე“ გამართა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური მატჩები (საბერძნეთთან).

„ყოველწლიურად „დინამო არენა“ გადიოდა ინსპექტირებას და სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებული ექსპერტთა ჯგუფის მინიმალური რეკომენდაციების (როგორიცაა არმირება, შელესვა და ა.შ.) საფუძველზე იღებდა უსაფრთხოების სერტიფიკატს. ჩვენ სრულად მივყვებით იმ რეკომენდაციებს, რომელსაც შესაბამისი ორგანოები გვაძლევენ. ასე იყო 2022 წლამდე, თუმცა მას შემდეგ აღნიშნული პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს“, - ამბობს რომან ფიფია.

რას გულისხმობს „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი პროცესის შეფერხებაში, - ის დამაზუტებელ კითხვაზე პასუხის გაცემისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ „უკანასკნელ ათწლეულებში სტადიონის მდგომარეობა არ შეცვლილა და აკრედიტირებულ ექსპერტთა ყველა დასკვნა ერთმანეთის მსგავსია“.

ექსპერტიზა „დინამოს“ სტადიონს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ 2024 წელსაც ჩაუტარა, მისი შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

„არცერთი თამაში არ ჩატარებულა რისკის ქვეშ და ამაზე ვარ პასუხისმგებელი“, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას: თუ სტადიონი ამორტიზებული იყო, როგორ უმასპინძლა ერთა ლიგის პლეი-ოფის თამაშებს და თუ პრობლემა არ ჰქონდა, რა შეიცვალა რამდენიმე თვეში.

პრემიერი არ უშვებს ხელიდან შანსს, ისაუბრობს ახალი სტადიონის დაპირებაზე:

„იქნება გათვლილი 70 000 მაყურებელზე, რაც მოგვცემს საერთაშორისო უმნიშვნელოვანესი მატჩების მასპინძლობის საშუალებას. დღეს „დინამოს“ სტადიონზე ამის საშუალება ჩვენ არ გვაქვს“, - ამბობს კობახიძე.

რომან ფიფია, ერთი მხრივ, ახალი სტადიონის მშენებლობას მიესალმება, მეორე მხრივ კი, პრემიერ-მინისტრს კითხვით მიმართავს: სახელმწიფოს მხრიდან უფრო რაციონალური ხომ არ იქნებოდა, რესურსის მობილიზება „დინამო არენის“ რეკონსტრუქციისთვის მოხდეს? ის ფიქრობს, რომ აღნიშნული პროექტი ბევრად უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე სრულიად ახალი სტადიონის მშენებლობა, „დინამო არენა“ კი ახალ სიცოცხლეს დაიბრუნებს.

„Პირველი იარუსის დემონტაჟის ხარჯზე, ეროვნულ სტადიონს გააჩნია რესურსი, რომ მისი ტევადობა მინიმუმ 65 000 გულშემატკივრამდე გაიზარდოს, მოეწყოს 1000 მანქანაზე გათვლილი პარკინგი და დააკმაყოფილოს ყველა ის მოთხოვნა, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის არის საჭირო. მსგავსი პრაქტიკა ბევრ ევროპულ ქვეყანაში გამოიყენება“, - ამბობს ფიფია.

ირაკლი კობახიძე კი ფიქრობს, რომ საქართველოს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის შესაძლებლობა ახალი სტადიონის მშენებლობის შემდეგ შეეძლება.

„გარდა იმისა, რომ აშენდება ეს სტადიონი, ჩვენ უკვე აქედანვე დავიწყებთ განაცხადის შეტანას იმისათვის, რომ 2028 წელს თბილისმა, ახალმა სტადიონმა უმასპინძლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმოჩენისთვის საერთაშორისო დონეზე“, - თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

„დინამო არენის“ „ამორტიზებულობაზე“ ცნობების გავრცელების პარალელურად, უეფას ოფიციალური ვებსაიტიდან ცნობილი ხდება, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, 2024 წლის შემოდგომაზე, ეროვნული ნაკრების პირველი თამაში უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისში, „მიხეილ მესხის სტადიონზე“ გაიმართება, რომელზეც, „დინამო არენასთან“ შედარებით, ორჯერ ნაკლები გულშემატკივარი ეტევა.

უცნობია, რატომ შეაჩერა არჩევანი ფეხბურთის ფედერაციამ მიხეილ მესხის სტადიონზე და უკავშირდება თუ არა ეს „ამორტიზებულობასთან“ დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებებს.

„Ჩემთვის უცნობია, საბოლოოდ მიიღო ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება თუ არა და ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს მათი კომპეტენციაა. Რისი თქმაც მკაფიოდ შემიძლია, არის ის, რომ სამხარაულის ბიუროს აღნიშნული დასკვნის პირობებშიც კი, დინამო არენას მეორე იარუსს სრულიად უსაფრთხოდ შეუძლია უმასპინძლოს 41 000 გულშემატკივარს“, - ამბობს ფიფია.

განმარტებისთვის რადიო თავისუფლება ფეხბურთის ფედერაციას დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა. მათი არგუმენტები მიღებისთანავე სტატიაში აისახება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG