Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში მატარებლების ნორმალური მიმოსვლა 29 ივლისს აღდგება


ჩქაროსნული მატარებელი პარიზის მახლობლად. 15 თებერვალი, 2024.
ჩქაროსნული მატარებელი პარიზის მახლობლად. 15 თებერვალი, 2024.

საფრანგეთის რკინიგზის ეროვნული ოპერატორი SNCF იუწყება, რომ აღმოფხვრა დივერსიის შედეგად მიყენებული ზიანი, რის შედეგადაც პარასკევს ქვეყნის სარკინიგზო ქსელის დიდი ნაწილი პარალიზებული იყო პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე. მატარებლების ნორმალური მიმოსვლა 29 ივლისს აღდგება.

SNCF-ის თანახმად, პარიზიდან დასავლეთის მიმართულებით მიმავალი მთავარი სარკინიგზო ხაზი უკვე „პრაქტიკულად ნორმალურად“ მუშაობს. დედაქალაქიდან ჩრდილოეთის მიმართულებით უკვე მოძრაობს „ოთხიდან სამი“ ჩქაროსნული მატარებელი TGV და ამ მომენტიდან აღარაა მოსალოდნელი მგზავრობის დროის გაჭიანურება.

კვლავაც გაურკვეველია, ვინ განახორციელა სამი თავდასხმა რკინიგზის სამ სტრატეგიულ წერტილზე.

მთლიანობაში ტექნიკა დაზიანდა სამ რაიონში: საფრანგეთის დედაქალაქის ჩრდილოეთით, სამხრეთ-დასავლეთით და აღმოსავლეთით. ამავდროულად, რკინიგზის მუშაკებმა მოახერხეს პარიზი-მარსელის მონაკვეთზე აღჭურვილობის დაზიანების მცდელობის აღკვეთა.

ოფიციალურმა პირებმა მაშინვე განაცხადეს, რომ მატარებლის შეფერხებები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. ოლიმპიადის გახსნის დღეს ბევრი რეისი გაუქმდა და სადგურებზე რიგები გაჩნდა.

საფრანგეთში ოლიმპიური თამაშების წინა დღეს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები შემოიღეს ტერორისტული თავდასხმებისა და დივერსიების საფრთხის გამო. ტერორისტული თავდასხმებით იმუქრებოდნენ, კერძოდ, ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლები. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს ასევე რუსეთის მიერ შესაძლო დივერსიის ორგანიზების შესახებ, რაც თავად მოსკოვმა უარყო.

ამ დღეებში საფრანგეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს ოლიმპიადის დროს „დესტაბილიზაციის“ მომზადების ბრალდებით. ის ქვეყანაში 2010 წლიდან ცხოვრობდა და მზარეულად მუშაობდა. გამომძიებელი ჟურნალისტების თქმით, მისი ვინაობაა კირილ გრიაზნოვი. როგორც იუწყებიან, მან შემთხვევით ხალხს უთხრა, რომ ოლიმპიადაზე პროვოკაციების განსახორციელებლად მოლდოვის მოქალაქეები დაიქირავა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG