რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვირას დაიმუქრა, რომ განაახლებს საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის წარმოებას, თუკი აშშ დაადასტურებს, რომ მართლაც აპირებს გერმანიაში ან ევროპის სხვა ქვეყნებში რაკეტების განლაგებას.
„თუკი აშშ ასეთ გეგმებს განახორციელებს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ თავისუფალი ვართ ცალმხრივი მორატორიუმისგან, რომელიც ადრე დავაწესეთ საშუალო და მცირე სიშორის შემტევ საშუალებებზე“, - თქვა პუტინმა 28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში გამართულ საზღვაო აღლუმზე.
ასეთი რაკეტები, რომლებსაც 500 კილომეტრიდან 5500 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი აქვს, შედიოდა საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულებაში, რომელსაც 1987 წელს მოაწერეს ხელი აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა.
მაგრამ 2019 წელს ვაშინგტონიც და მოსკოვიც, რომლებიც ერთმანეთს ადანაშაულებდნენ შეთანხმების დარღვევაში, გავიდნენ ამ ხელშეკრულებიდან.
ამის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ მანამდე არ განაახლებს ასეთი რაკეტების წარმოებას, სანამ აშშ მათ უცხოეთში არ განალაგებს.
ივლისის დამდეგს ვაშინგტონმა და ბერლინმა გამოაცხადეს, რომ 2026 წლიდან გერმანიაში დაიწყება აშშ-ის დიდი სიშორის რაკეტების, მათ შორის ფრთოსანი რაკეტა „ტომაჰავკების“ „ეპიზოდური განთავსება“.
პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები“ მოხვდება ასეთი რაკეტების მოქმედების ზონაში და რომ ეს რაკეტები „მომავალში შეიძლება აღიჭურვოს ბირთვული ქობინებით, ასე რომ, ჩვენი ტერიტორიები 10 წუთის მანძილზე იქნება“ დარტყმის განსახორციელებლად.
ივლისის შუა რიცხვებში კრემლმა უკვე განაცხადა, რომ ევროპაში აშშ-ის რაკეტების შესაძლო განლაგება იმას ნიშნავს, რომ ევროპის დედაქალაქები რუსეთის რაკეტების სამიზნეებად იქცევა.
ფორუმი