დონეცკის რეგიონში, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შაბათს რუსული დაბომბვის შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა სოფელ ივანოვკაში, დანარჩენი ორი კი - კონსტანტინოვკასა და ტორეცკში. დღის განმავლობაში რეგიონში კიდევ 15 ადამიანი დაშავდა.
რუსი სამხედროები აგრძელებენ შეტევის მცდელობებს დონეცკის რეგიონში რამდენიმე მიმართულებით.
მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ცნობებს ავრცელებენ ხარკოვისა და ხერსონის ოლქების ხელისუფლებებიც.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, ხერსონის რაიონის სოფელ ლვოვოში 84 წლის მამაკაცი დაიღუპა. ხერსონის რაიონის დაბომბვისას კი სასიკვდილოდ დაიჭრა 64 წლის ქალი. ჭურვი მოხვდა მრავალსართულიან შენობას.
ცეცხლი გახსნეს ხარკოვის ოლქის სოფელ მოსკალევკაში, რის შედეგადაც 70 წლის მცხოვრები დაიღუპა.
სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაბომბვის შედეგად ოთხი სახლი დაზიანდა.
უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსული ჯარები ყოველდღიურად ბომბავენ და უტევენ მის ტერიტორიას უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებითა და მართვადი ბომბებით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს იღებს მიზანში, თუმცა დაბომბვებს რეგულარულად ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. თავდაცვის სამინისტრო დაღუპულთა და ნგრევის მონაცემებზე კომენტარს არ აკეთებს.
ფორუმი