ბოლო მონაცემებით, ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობზე მდებარე ქალაქ მაჯდალ-შამსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა - ამის შესახებ ისრაელის მედია და ოფიციალური პირები იუწყებიან.
სამხედროების ცნობით, ყველა დაღუპული 10-დან 20 წლამდე ასაკის ბავშვი და მოზარდია.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თავდასხმა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება ჰეზბოლამ განახორციელა, ხოლო რაკეტა ჩამოვარდა საფეხბურთო მოედანზე, სადაც მოზარდები იმ დროს ფეხბურთს თამაშობდნენ.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა თქვა, რომ ჰეზბოლამ "გადალახა ყველა წითელი ხაზი" და უახლოვდება "სრულმასშტაბიან ომს".
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი განაცხადა, რომ ჰეზბოლას ამ ქმედებას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვება.
ჩრდილოეთი ისრაელი და გოლანის მაღლობი ბოლო დროს რეგულარულად იბომბება ლიბანის რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლას მიერ, თუმცა მან უარყო მაჯდალ-შამსის დაბომბვაში მონაწილეობა - ჰეზბოლა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც უარყოფს თავდასხმასთან კავშირს.
„არანაირი კავშირი არ გვაქვს მომხდართან და კატეგორიულად უარვყოფთ მცდარ ბრალდებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჰეზბოლა ცრუობს.
„ჰეზბოლა უარყოფს მომხდარზე პასუხისმგებლობას. ჩვენი დაზვერვა ნათლად აჩვენებს, რომ ჰეზბოლა არის პასუხისმგებელი უდანაშაულო ბავშვების სიკვდილზე“, – ამბობს ჰაგარი.
გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეპ ბორელი:
„მკაცრად ვგმობ ამ სისხლისღვრას. ჩვენ გვჭირდება ამ მიუღებელი ინციდენტის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია”, - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
მაჯდალ-შამსი გოლანის მაღლობის უმაღლესი წერტილია და ის ძირითადად დრუზებით არის დასახლებული. ხოლო თავად გოლანის მაღლობი 1967 წლიდან ისრაელის კონტროლის ქვეშაა.
ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება გაუარესდა გასული წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ.
ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ და სხვა ისლამისტური დაჯგუფებების წევრები გასული წლის 7 ოქტომბერს შეიჭრნენ ქვეყნის სამხრეთში და მოკლეს 1200-ზე მეტი ადამიანი. 250-მდე მძევლად აიყვანეს. პასუხად ისრაელის არმიამ საჰაერო დარტყმები და სახმელეთო შეტევები წამოიწყო. ჰამასთან დაკავშირებული წყაროები ამტკიცებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სექტორში დაიღუპა დაახლოებით 39 000 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. ისრაელს არაერთი ქვეყანა და ორგანიზაცია ადანაშაულებს ღაზაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში.
ფორუმი