Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში დივერსიის შემდეგ კვლავ გაუშვებენ მატარებლების უმრავლესობას


ჩქაროსნული მატარებელი პარიზის მახლობლად. 15 თებერვალი, 2024.
ჩქაროსნული მატარებელი პარიზის მახლობლად. 15 თებერვალი, 2024.

შაბათს საფრანგეთის 10 ჩქაროსნული მატარებლიდან დაახლოებით შვიდი კვლავ ამუშავდება სამ მთავარ მარშრუტზე, მას შემდეგ, რაც გუშინ ქვეყნის სარკინიგზო ქსელის დიდი ნაწილი პარალიზებული იყო პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე. ამის შესახებ France-Presse იუწყება.

სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია SNCF-ის განცხადებიდან ირკვევა, რომ საქმე ეხება ჩრდილოეთის, ბრეტანისა და სამხრეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ხაზებს და რომ ხელახლა გაშვების შემდეგაც მატარებლები ერთი-ორი საათის დაგვიანებით იმოძრავებენ. „კლიენტებს დაუკავშირდებიან ტექსტური შეტყობინებებითა და ელექტრონული ფოსტით, რათა დაადასტურონ მათი მატარებლების მოძრაობა,“ - აღნიშნავენ SNCF-ში.

ხელისუფლება ლაპარაკობს რკინიგზაზე დივერსიულ აქტებზე, რის შედეგადაც, გადამზიდველის შეფასებით, პარასკევს 250 ათასამდე მგზავრი დაზარალდა. ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ მხოლოდ ამ შაბათ-კვირას 800 ათას ადამიანს შეიძლება შეექმნას სირთულეები.

ინციდენტებისთვის, მათ შორის სასიგნალო აღჭურვილობის დაწვისთვის, ჯერაც არავის უკისრია პასუხისმგებლობა. SNCF-მა ინციდენტს „მასირებული თავდასხმა“ უწოდა.

მთლიანობაში ტექნიკა დაზიანდა სამ რაიონში: საფრანგეთის დედაქალაქის ჩრდილოეთით, სამხრეთ-დასავლეთით და აღმოსავლეთით. ამავდროულად, რკინიგზის მუშაკებმა მოახერხეს პარიზი-მარსელის მონაკვეთზე აღჭურვილობის დაზიანების მცდელობის აღკვეთა.

ოფიციალურმა პირებმა მაშინვე განაცხადეს, რომ მატარებლის შეფერხებები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. ოლიმპიადის გახსნის დღეს ბევრი მატარებელი გაუქმდა და სადგურებზე რიგები გაჩნდა.

საფრანგეთში ოლიმპიური თამაშების წინა დღეს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები შემოიღეს ტერორისტული თავდასხმებისა და დივერსიების საფრთხის გამო. ტერორისტული თავდასხმებით იმუქრებოდნენ, კერძოდ, ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლები. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს ასევე რუსეთის მიერ შესაძლო დივერსიის ორგანიზების შესახებ, რაც თავად მოსკოვმა უარყო.

ამ დღეებში საფრანგეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს ოლიმპიადის დროს „დესტაბილიზაციის“ მომზადების ბრალდებით. ის ქვეყანაში 2010 წლიდან ცხოვრობდა და მზარეულად მუშაობდა. გამომძიებელი ჟურნალისტების თქმით, მისი ვინაობაა კირილ გრიაზნოვი. როგორც იუწყებიან, მან შემთხვევით ხალხს უთხრა, რომ ოლიმპიადაზე პროვოკაციების განსახორციელებლად მოლდოვის მოქალაქეები დაიქირავა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG