Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძემ „TV პირველის“ წინააღმდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა


ფოტოკოლაჟი: თბილისის მერი კახა კალაძე და „TV პირველის“ მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე
ფოტოკოლაჟი: თბილისის მერი კახა კალაძე და „TV პირველის“ მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე

თბილისის მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე „TV პირველის“ წინააღმდეგ აღსრულების ბიუროს მიმართავს. მერი მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას.

2022 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია „TV პირველისა“ და ამ არხის გადაცემა „დღის ამბების“ წამყვან მაია მამულაშვილის წინააღმდეგ. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მათ კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაევალათ. ეს გადაწყვეტილება ზედა ინსტანციის სასამართლოებმა არ შეცვალეს.

„დღეს ჩვენ დავიწყეთ აღსრულება. ალბათ, ხვალ ან ზეგ გაეგზავნება მეორე მხარეს მოთხოვნები და ისინი ვალდებული არიან, რომ მოცემული გადაწყვეტილება აღასრულონ. გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გულისხმობს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“, - უთხრა ჟურნალისტებს თბილისის მერის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.

„TV პირველში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის ნოემბერში მიიღო, მერმა კი აღსრულების ბიუროსთვის მიმართვა რვა თვის შემდეგ, ივლისში გადაწყვიტა. ტელეარხის მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე ამ ფაქტს უკავშირებს კახა კალაძის ქონების შესახებ მასალაზე მუშაობას. სიუჟეტი ეთერში 27 ივლისს უნდა გავიდეს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებაში იკვეთება, რომ თბილისის მერის მიზანი არ ყოფილა ინფორმაციის გასწორება. ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო ფინანსური წნეხის განხორციელება... ტელევიზიას უჭირს საოპერაციო ხარჯების დაფარვაც კი. არხს არ აქვს თავისუფალი თანხა, რომლითაც მოახერხებს ამ ჯარიმის გადახდას“, - უთხრა ნოდარ მელაძემ რადიო თავისუფლებას.

კალაძემ სასამართლო დავა „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში ტელეწამყვან მაია მამულაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო დაიწყო. თბილისის მერის წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ 2022 წლის 5 ივნისს ტელეწამყვანმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.

კალაძე სასამართლოს სთხოვდა, მოპასუხე მხარეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი ლარის გადახდა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალებინა. თუმცა მოსამართლემ არხს მხოლოდ 15 ათასის გადახდა დააკისრა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG