აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მხარდაჭერა გამოუცხადა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატად. ამის შესახებ ობამამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. მისი თქმით, კამალა ჰარისს მიშელ ობამაც უცხადებს მხარდაჭერას.
„ჩვენ მას [კამალა ჰარისს] ვუთხარით, რომ ის, ჩვენი აზრით, იქნებოდა აშშ-ის განსაცვიფრებელი პრეზიდენტი და რომ მას შეუძლია ჰქონდეს ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი“, - წერს ბარაკ ობამა.
ამრიგად, ჰარისს მხარს უჭერს დემოკრატიული პარტიის ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა. ოფიციალურად, ჰარისის კანდიდატურა პარტიის ყრილობამ აგვისტოში უნდა წარადგინოს. დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად უნდა აირჩიოს ყრილობაზე, რომელიც 19 აგვისტოს ჩიკაგოში გაიხსნება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 ივლისს გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს.
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 5 ნოემბერს ჩატარდება, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატია ყოფილი პრეზიდენტი,78 წლის დონალდ ტრამპი. 22 ივლისს მან CNN-ს განუცხადა, რომ ჰარისს ბაიდენზე უფრო მარტივად დაამარცხებს.
ფორუმი