Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილის მამა აცხადებს, რომ თავად ფრონტზეა, ხოლო მისი შვილი პატრიოტია


ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების ფოტო უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმკინმა ტელეგრამის არხით გამოაქვეყნა. 25 ივლისი, 2024 წელი
ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების ფოტო უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმკინმა ტელეგრამის არხით გამოაქვეყნა. 25 ივლისი, 2024 წელი

უკრაინელი ექსდეპუტატისა და ენათმეცნიერის, ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 18 წლის ბიჭის მამა აცხადებს, რომ მის შვილს მკვლელობისათვის მოტივი არ ჰქონია. რადიო თავისუფლების პროექტი „სქემები“ დაუკავშირდა ეჭვმიტანილის მამას, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავად ამჟამად ფრონტის ხაზზე იმყოფება და შვილთან დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ტელეფონის საშუალებით ჰქონდა ურთიერთობა.

"ფარიონის მკვლელობის მოტივები არ არსებობს, მას არ ჰქონდა უკრაინოფობიური შეხედულებები, პირიქით - ის პატრიოტია. მან დაამთავრა უპილოტო საფრენი აპარატების კონტროლის კურსები, რათა შესულიყო უკრაინის არმიის რიგებში, თამაშობდა ფეხბურთს", - თქვა დაკავებულის მამამ.

25 ივლისს უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქალაქ დნიპროში დააკავეს პოლიტიკოსისა და ენათმეცნიერის, ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცნობა სოციალურ ქსელ ტელეგრამაში გაავრცელა. ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტს აცნობა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ.

"დაკავების ოპერაცია ძალიან რთული იყო. ამ დღეებში მკვლელობის გახსნაზე უკრაინის ეროვნული პოლიციის, სუსის და სხვა სამსახურების ასობით სპეციალისტი მუშაობდა. დაკავებულია 18 წლის ბიჭი. გრძელდება საჭირო საგამოძიებო მოქმედებები და გამოკვლევები", - წერს ტელეგრამში უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ვერხოვნა რადის" ყოფილი დეპუტატის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, ქალაქ დნიპროს 18 წლის მკვიდრმა, დანაშაულის ჩადენის მომზადების დროს ქალაქ ლვოვში, სულ მცირე, სამი ბინა იქირავა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ "გამოძიება იხრება იმ ვერსიისკენ, რომ მსროლელი მხოლოდ მკვლელობის შემსრულებელია." სხვა დეტალებზე გამოძიება ჯერ არ საუბრობს.

ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობას რადიო თავისუფლება არ ამხელს. მაგრამ რამდენიმე უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტომ მაინც გამოაქვეყნა მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახელი და გვარი.

  • "ვერხოვნა რადის" ყოფილ დეპუტატსა და ლინგვისტ ირინა ფარიონზე თავდასხმა 19 ივლისს მოხდა ლვოვში, მისი საცხოვრებელი სახლის მახლობლად. ბოროტმოქმედმა მას თავში ესროლა პისტოლეტიდან.
  • დაჭრილი პოლიტიკოსი მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა.
  • მეორე დღეს, უკრაინის პოლიციამ გაავრცელა სავარაუდო მკვლელის, ახალგაზრდა მამაკაცის, ფოტო. პოლიცია მაშინ იუწყებოდა, რომ იგი 20 წლის იყო.
  • 60 წლის ირინა ფარიონი იყო ფილოლოგი და ენათმეცნიერი, 2012-2014 წლებში იყო უკრაინის "ვერხოვნა რადის" დეპუტატი, სრულიად უკრაინული ასოციაცია „სვობოდის“ წევრი. ის ცნობილი იყო თავისი მკაცრი პოზიციით უკრაინაში უკრაინული ენის უპირატესობაზე და კატეგორიულად მოითხოვდა, რომ მინიმუმამდე დავიდეს ქვეყანაში რუსულის, როგორც „ოკუპანტების ენის“, გამოყენება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG