უწყების ინფორმაციით, ძებნა-შველის ოპერაციაში თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო-სამაშველო ძალები, შსს-ის ყველა შესაბამისი დანაყოფი და სამაშველო დრონები არიან ჩართული, ხოლო ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების მიზეზით ვერ ხერხდება.
მესტიის მკვიდრი ვიკა ფილფანი "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს, რომ ორი ახალგაზრდა მამაკაცი ქვემო სვანეთისკენ გადაადგილდებოდა, რა დროსაც გზა აებნათ და ამის შესახებ ახლობლებს ორშაბათს, 22 ივლისს, დილით შეატყობინეს.
"გადადიოდნენ ზემო სვანეთიდან ქვემო სვანეთისკენ, ლასდილის მარშრუტით. კვირას უკვე ადგილზე უნდა ყოფილიყვნენ. ორშაბათს, დილით გამოვიდნენ კონტაქტზე სამეგობროსთან და ოჯახის წევრებთან, რომ გზა აებნათ", - ამბობს ის და ეხმაურება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ვერტმფრენი ოპერაციაში მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ერთვება.
"ცა მოწმენდილია, ღრუბელი ალაგ-ალაგ არის, არაფერი ჭექა-ქუხილი და დამაქცეველი არ ხდება. თუ ეს სამაშველო ვერტმფრენი არ არის ადაპტირებული ასეთ ამინდზე, მაშინ გამოდის, არასწორად გყავს".
მოქალაქე დათო ფარჯიანი, რომელიც ამბობს, რომ დაკარგულები მისი ახლობლები არიან, ფეისბუქზე აქვეყნებს პოსტს და წერს, რომ სჭირდება ადამიანები, რომლებსაც სამძებრო სამუშაოებში სითბური დრონებით ჩართვა შეუძლიათ.
"მჭირდება ადამიანები დრონებით მოხალისე თუ დაქირავებული იქნებ ვინმეს სითბური დრონი გქონდეთ ან იცოდეთ რომ აქვს და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთოთ სანამ იმედი კიდევ არის... 5 დღეა დაიკარგნენ ტყეში ჩემი ახლობლები, ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და და მესიჯის გამოგზავნა რომ დაიკარგნენ ტყეში. გადადიოდნენ ლენტეხში ზემო სვანეთიდან, ანუ ბოლო კონტაქტიდან ორი დღეა გასული და არის იმედები რომ ცოცხლები არიან და დახმარება სჭირდებათ. თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება ძაან გთხოვთ დაგვეხმარეთ ძებნაში", - წერს ის.
საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დაკარგულების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში გუშინ, 24 ივლისს, შევიდა.
ფორუმი