Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება დაიწყო სოფელ სუფსაში „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე


„მთავარი არხის“ კადრებში შესაძლებელია ჟურნალისტზე თავდამსხმელის იდენტიფიცირება.
„მთავარი არხის“ კადრებში შესაძლებელია ჟურნალისტზე თავდამსხმელის იდენტიფიცირება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში თავს დაესხნენ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს. ტელეკომპანიის ცნობით, ლადო მენაბდეს ექიმების დახმარება დასჭირდა.

მენაბდის თქმით, თავდასხმაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა.

„ერთი ადამიანი მოვიდა ჯერ, მანქანით. აქ, ცენტრში, ვიდექი ზუსტად. მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაიწყო გინება "მთავარი არხის" მისამართით, შემდეგ გარკვეული პიროვნებების მისამართით. არ მივაქციეთ ყურადღება, სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივი რეალობაა და მივხვდით, რასთანაც გვქონდა საქმე. შემდეგ გადმოვიდა, ჩვენი მისამართით დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფების მოყენება, გინება. შემდეგ ამასაც რომ არ მივაქციეთ ყურადღება, მოვიდა, შემაფურთხა სახეში და დამარტყა. ერთი ადამიანი იყო. მოვკიდე ხელი, მივაბრუნე უკან მანქანისკენ. ამ დროს ოთხი ადამიანი დაგვესხა თავს, რომლებიც მზად იყვნენ, ეტყობა, მოვლენების განვითარებისთვის. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კამერა დაამსხვრიეს, თავის არეში მაქვს ცოტა პრობლემები, ამიტომაც გამოვიძახე სასწრაფო", - თქვა ჟურნალისტმა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა). ჟურნალისტები გამოკითხვაზე დაიბარეს.

„მთავარი არხი“ ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს მოუწოდებს, გურიის ბიუროს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი დაუყოვნებლივ გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს თითოეული დამნაშავე. ტელეარხის ცნობით, თავდასხმის დროს მენაბდე და მჟავანაძე ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG