Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევისას სამი დრონი, სავარაუდოდ, რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. რუსული დრონებით შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძარი ოდესის ოლქის იზმაილის რაიონის პორტის შენობაში
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. რუსული დრონებით შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძარი ოდესის ოლქის იზმაილის რაიონის პორტის შენობაში

დღეს, 25 ივლისს, რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის კიევსა და ოდესაზე. საჰაერო განგაში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საოკუპაციო ძალების დრონები, რომლებიც დედაქალაქს სხვადასხვა მხრიდან უახლოვდებოდნენ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის მისადგომებთან მოიგერიეს.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით შეტევა იყო იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. ხანძარი გაუჩნდა ადმინისტრაციულ შენობას და ნაწილობრივ ჩამოინგრა. დაზიანებულია კერძო სახლიც. დაშავდა ორი ადამიანი.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინას 38 დრონით შეუტიეს ანექსირებული ყირიმიდან და კრასნოდარის მხარის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან.

გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო კიევის, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევის, სუმის, ჟიტომირის და ჩერკასის ოლქებში, სადაც 25 დრონი ჩამოაგდეს. ოლეშჩუკის ინფორმაციით, კიდევ სამი უპილოტო საფრენი აპარატი თვალთახედვიდან დაკარგეს მას შემდეგ, რაც მათ უკრაინა-რუმინეთის საზღვარი გადაკვეთეს.

ნატოს და ევროკავშირის წევრ რუმინეთს თავის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG