Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით გადადგა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი კიმბერლი ჩიტლი


შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის დირექტორი კიმბერლი ჩიტლი. ვაშინგტონი, 22 ივლისი, 2024.
შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის დირექტორი კიმბერლი ჩიტლი. ვაშინგტონი, 22 ივლისი, 2024.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა კიმბერლი ჩიტლმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ფედერალური სააგენტო გულდასმით შეამოწმეს იმის გამო, რომ მან ვერ აღკვეთა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმა. ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა თეთრმა სახლმა.

Reuters-ის თანახმად, უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფოს უმაღლესი პირების დაცვისთვის, ჯერჯერობით არ უპასუხია კომენტარების თხოვნაზე.

ჩიტლი მანამდე უარყოფდა ორივე პარტიის მოწოდებებს, დაეტოვებინა თანამდებობა უსაფრთხოების დარღვევების გამო, რის შედეგადაც 13 ივლისს პოტენციურმა მკვლელმა მოახერხა რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის დაშავება.

კონგრესმენები აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორს 22 ივლისს ოთხ-ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უსვამდნენ მწვავე შეკითხვებს. თავის გამოსვლაში ჩიტლმა 13 ივლისს მომხდარ თავდასხმას უწოდა „საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერატიული წარუმატებლობა ბოლო ათწლეულებში“ და ეს ინციდენტი შეადარა აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მკვლელობის მცდელობას 1981 წელს.

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა 13 ივლისს მოხდა პენსილვანიაში, ქალაქ ბატლერში. აშშ-ის ექსპრეზიდენტს რამდენჯერმე ესროლეს, ერთი ტყვია პოლიტიკოსს ყურში მოხვდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, ორი კი დაიჭრა. 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც ტრამპს ესროლა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა მოკლა.

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ მოსმენაზე კიმბერლი ჩიტლმა ინციდენტის დეტალების მიწოდებაზე უარი უთხრა კონგრესის წევრებს, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია.

წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ ჯეიმს კომერმა და წამყვანმა დემოკრატმა ჯეიმი რასკინმა, რომლებიც, როგორც წესი, კატეგორიულად არ ეთანხმებიან ერთმანეთს უმეტეს საკითხებში, კიმბერლი ჩიტლს გადადგომისკენ მოუწოდეს.

განხილვის დროს კიმბერლი ჩიტლმა არაერთხელ უარყო მოწოდებები გადადგომის შესახებ და აღნიშნა, რომ „საკუთარ თავს მიიჩნევს საუკეთესო ხელმძღვანელად, ვისაც დღევანდელ დღეს საიდუმლოს სამსახურის გაძღოლა შეუძლია“.

ორშაბათის მოსმენა პირველი იყო დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით დაგეგმილ საზედამხედველო განხილვათა სერიიდან.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი კრისტოფერ რეი ოთხშაბათს წარდგება წარმომადგენელმა პალატის იუსტიციის კომიტეტის წინაშე. Reuters-ის თანახმად, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი, სავარაუდოდ, შექმნის ორპარტიულ სამუშაო ჯგუფს, რომელიც გამოძიებაში ჩაერთვება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG