Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკანონოდ დაკავებული სამი მოქალაქე ე.წ. სასამართლო პროცესებს ელოდება - ერგნეთში შეხვედრა დასრულდა


სოფელი ერგნეთი, 23 ივლისი, 2024.
სოფელი ერგნეთი, 23 ივლისი, 2024.

დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა 120-ე შეხვედრა ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში. შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დააყენა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის აღკვეთის საკითხები. განხილვის საგანი იყო ასევე თავისუფალი მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რვა უკანონოდ დაკავებულიდან სამი ჯერ კიდევ ელოდება ე.წ. სასამართლოს განაჩენს. ესენი არიან ივანე ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ვლადიმერ ცაბაძე.

ქართულმა მხარემ „მსჯავრდადებულების“ საკითხიც დააყენა, მათ შორის იყო რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„რაც შეეხება პირებს, რომლებსაც ე.წ. სასამართლომ სასჯელი მიუსაჯა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენების აუცილებლობის შესახებ.

ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ რამაზ ბეღელურის საქმეზე. ხაზი გაესვა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაზეც ცხინვალელმა მონაწილეებმა განგვიცხადეს, რომ ის იმყოფება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და იღებს იმ პრეპარატს, რომელიც მისთვის არის გამოწერილი.

სამწუხაროდ, არ იქნა დაფიქსირებული ზუსტი თარიღები, როდის გამოუშვებენ უკანონოდ დაკავებულებს“, - თქვა ანთაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის მოგვარებასაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მოითხოვს, ეხება მკვიდრი მოსახლეობის თავისუფალ მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ირაკლი ანთაძის თქმით, ადამიანებს გადაადგილების საშუალება მთელი თვის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ და არა 10-11 დღით და ეს უნდა შეეხოს არა მხოლოდ ახალგორის მოსახლეობას, არამედ ცხინვალის რაიონსაც. როგორც სუსის წარმომადგენელმა აღნიშნა, ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის.

საოკუპაციო ძალის პოზიცია უცვლელია უკანონო „ბორდერიზაციის“ საკითხზეც.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, მთავარი საკითხი, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააყენეს შეხვედრაზე, ისევ ეხებოდა ჩორჩანაში მდებარე ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს გაუქმების მოთხოვნას.

„შეკითხვაზე, როგორ შეიძლება ჩვეულებრივმა პოლიციელებმა, რომელთა რაოდენობაც არის მცირე, თუნდაც თეორიულად შეუქმნან საფრთხე ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც სეზონური მცხოვრებლები არიან და არა პერმანენტული, ამაზე პასუხი კვლავ ვერ მივიღეთ. მხოლოდ მორიგჯერ მოვისმინეთ ბრალდება, რომ საგუშაგო მათ საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა ანთაძემ.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მორიგი შეხვედრა 12 სექტემბერს გაიმართება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG