Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლებში სავალდებულო საბაზო განათლების საფეხური მე-10 კლასამდე გაიზრდება


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

პარლამენტმა 18 ივლისს რიგგარეშე სესიის სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესწორება. ცვლილების თანახმად, სავალდებულო საბაზო განათლების საფეხური ერთი წლით, მე-10 კლასამდე გაიზრდება.

კანონში ჩაიწერა, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (ექვსი წელი - I-VI კლასები), საბაზო (ოთხი წელი - VII-X კლასები) და საშუალო (ორი წელი - XI-XII კლასები). საკანონმდებლო ცვლილება 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რა გახდა ცვლილების საფუძველი: „საკმაოდ მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც მე-9 კლასის შემდეგ ტოვებენ სკოლას (3 200-მდე მოსწავლე 2023 წელს), ხოლო მათი შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია, 9 კლასის დამთავრებით მიღებული ცოდნიდან და ასაკიდან გამომდინარე, ვინაიდან, სკოლაში შესვლის ასაკი 6 წელია, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან. ასევე მატულობს მოზარდების ისეთი რისკების წინაშე დადგომის ალბათობა, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ასაკის შეუსაბამო დასაქმება და/ან ტრეფიკინგი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და სხვა“.

კანონპროექტის ავტორი მიუთითებს, რომ საბაზო საფეხურის ერთი წლით გაზრდით, ის წამყვანი ევროპული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებთან შესაბამისობაში მოვა.

„მაგალითად, ფინეთის რესპუბლიკაში 11-წლიანია სავალდებულო დაწყებითი-საბაზო განათლება, საფრანგეთის რესპუბლიკაში საბაზო საფეხური მოიცავს 4 წელს, ირლანდიაში საბაზო განათლება გრძელდება 3-დან 6 წლამდე, ლიეტუვის რესპუბლიკასა და ნორვეგიის სამეფოში დაწყებითი-საბაზო განათლება 10 წელს გრძელდება. შესაბამისად, სამწლიანი საშუალო განათლება მცირდება 2 წლამდე, ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12- წლიანი რჩება“, - წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG