Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ახალი პარლამენტი უკრაინის შესახებ ახალ რეზოლუციას უყრის კენჭს


17 ივლისს ევროპის პარლამენტის ახალი შემადგენლობა კენჭს უყრის იურიდიული ძალის არმქონე რეზოლუციას უკრაინის შესახებ.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, რომლის ასლიც რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა მოიპოვა, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და გმობს რუსეთის შეჭრას ამ ქვეყანაში.

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში წერია, რომ რუსეთის ქმედება უკრაინაში არის „ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.“

რეზოლუცია, რომლის ფონია ევროკავშირის მიერ უკრაინასთან და მოლდოვასთან წელს, 24 ივნისს ბლოკში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყება და პირველი სამთავრობათაშორისო კონფერენციის გამართვა, მიესალმება ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ უკრაინის შემდგომი ინტეგრაცია ევროკავშირში “არის გეოსტრატეგიული და დემოკრატიული შესაძლებლობა და ინვესტიცია ერთიანსა და ძლიერ ევროპაში“.

რეზოლუციის ტექსტის ავტორები ამჟამად ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტებზე რუსეთსა და ჩინეთში წერენ, რომ ისინი არ ყოფილა შეთანხმებული და რომ ორბანის ქმედება არის ევროკავშირის ხელშეკრულებების, ევროკავშირის საერთო საგარეო პოლიტიკის უხეში დარღვევა და მას უნდა მოჰყვეს შედეგები უნგრეთისთვის.

რეზოლუცია ადასტურებს, რომ უკრაინა არის აგრესიის მსხვერპლი და გაეროს წესდების თანახმად, აქვს კანონიერი უფლება, თავი დაიცვას.

პარლამენტი თვლის, რომ ევროკავშირის და აშშ-ის დახმარება უკრაინისადმი მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერ კიდევ არასაკმარისია. რეზოლუცია იქვე შეგვახსენებს, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, არის „დასავლეთის წინააღმდეგ, ჩვენი დემოკრატიის და ჩვენი ფასეულობების წინააღმდეგ მიმართული უფრო ფართო მიზნების ნაწილი“.

ევროკავშირის პარლამენტი ამ რეზოლუციაში მიესალმება ნატოს სამიტის შედეგებს და შეგვახსენებს, რომ უკრაინა ნატოს წევრობის შეუქცევად გზაზეა. ის მოუწოდებს ევროკავშირის წევრებს, გაზარდონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება.

ევროპის პარლამენტარები მოუწოდებენ კომისიას, შესთავაზოს გრძელვადიანი ფინანსური დახმარება უკრაინას ქვეყნის აღდგენისთვის, ახლად დაარსებული უკრაინის ფონდის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

იქვე რეზოლუციის ავტორები გადაჭრით გამოდიან მოწოდებით, რომ მოიხსნას დასავლეთის მიერ მიწოდებული შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო მიზნების წინააღმდეგ გამოყენების შეზღუდვა.

რეზოლუციის ბოლოს გამოთქმულია კიდევ ერთი მოწოდება, რომ ევროპულმა საბჭომ შეინარჩუნოს და გააფართოოს სანქციების პოლიტიკა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ.

ევროპის ახალი პარლამენტისთვის უკრაინის რეზოლუცია პირველი დოკუმენტი იქნება, რომელსაც ის ამ შემადგენლობით უყრის კენჭს.

ევროპის პარლამენტის არჩევნები ივნისის დასაწყისში გაიმართა. მასში უმრავლესობას კვლავ ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციას აქვს. ევროპის კავშირის პარლამენტს, რომლის ოფიციალური შტაბ-ბინა სტრასბურგშია, ხუთი წლით ირჩევენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG