Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველა თავდასხმა ამერიკის პრეზიდენტებსა და პრეზიდენტობის კანდიდატებზე


აშშ-ს პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ესალმება სასტუმრო „ჰილტონის“ წინ შეკრებილ ხალხს თავდასხმამდე რამდენიმე წამით ადრე. ვაშინგტონი. 1981 წლის 30 მარტი.
აშშ-ს პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ესალმება სასტუმრო „ჰილტონის“ წინ შეკრებილ ხალხს თავდასხმამდე რამდენიმე წამით ადრე. ვაშინგტონი. 1981 წლის 30 მარტი.

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიისათვის უცხო არაა პრეზიდენტებსა თუ პრეზიდენტობის კანდიდატებზე თავდასხმები, რომელთა ნაწილი ფატალურად დასრულდა. მკვლელის ტყვიამ იმსხვერპლა ამერიკის ოთხი პრეზიდენტი, ერთი ამდენი კი გადაურჩა.

13 ივლისს თავს დაესხნენ დონალდ ტრამპს, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტსა და პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც 20 წლის თომას მეთიუ კრუქსმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ტყვიამ ტრამპს ყურის ნიჟარა დაუზიანა.

ამერიკის პოლიტიკურ ისტორიას ახსოვს პრეზიდენტზე ან პრეზიდენტობის კანდიდატზე მომხდარი თავდასხმის სხვა არაერთი შემთხვევა. თუ არ ჩავთვლით 2005 წლის 10 მაისს თბილისში სტუმრად მყოფ ჯორჯ ბუშზე თავდასხმის მცდელობას, ამერიკის პრეზიდენტს ბოლოს 1981 წელს ესროლეს.

1981: რონალდ რეიგანი

ამერიკის მე-40 პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი პრეზიდენტად არჩევიდან სულ რაღაც ორი თვის თავზე დაჭრეს ვაშინგტონში.

1981 წლის 30 მარტს სასტუმრო „ჰილტონიდან“ გასვლისას, სადაც რონალდ რეიგანი ცოტა ხნით ადრე სიტყვით გამოდიოდა, ვინმე ჯონ ჰინკლი უმცროსმა 5,6 მმ კალიბრის Röhm RG-14-ის რევოლვერიდან ექვსი ტყვია ესროლა. მაშინ რეიგანთან ერთად დაიჭრა პრეზიდენტის გარემოცვის სამი წევრი.

რეიგანი ლიმუზინის ტყვიაგაუმტარი მინიდან ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა. მას ჩაენსხვრა ნეკნი და დაუზიანა ფილტვი (ტყვია გაჩერდა გულიდან 3 სმ-ში). დაჭრილი პრეზიდენტი სასწრაფოდ გადაიყვანეს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საავადმყოფოში, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს.

მიუხედავად სოლიდური ასაკისა, რეიგანი სწრაფად გამოჯანმრთელდა და მალევე დაუბრუნდა თავისი მოვალეობის შესრულებას. თავდასხმის დროს დაჭრილი დანარჩენი სამი ადამიანიც გადარჩა, თუმცა ერთი მათგანი, პრეზიდენტის პრესმდივანი ჯეიმს ბრედი, რომელიც თავის არეში დაიჭრა, სამუდამოდ დაინვალიდდა.

პოლიცია და საიდუმლო სამსახურის აგენტები ცდილობენ აღკვეთონ პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე მომხდარი თავდასხმა. ვაშინგტონში, 1981 წლის 30 მარტი
პოლიცია და საიდუმლო სამსახურის აგენტები ცდილობენ აღკვეთონ პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე მომხდარი თავდასხმა. ვაშინგტონში, 1981 წლის 30 მარტი

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯონ ჰინკლი ფსიქიკურ დაავადებას მკურნალობდა, რეიგანზე თავდასხმამდე კი უთვალთვალებდა პრეზიდენტ ჯიმი კარტერს.

მიზეზი, რამაც ჰინკლის რეიგანზე თავდასხმა გადააწყვეტინა, იყო მსახიობ ჯოდი ფოსტერით აკვიატებული გატაცება. 1970-იანი წლების ბოლოს ჰოლივუდში ცხოვრებისას ჰინკლიმ „ტაქსის მძღოლს“, სულ ცოტა, 15-ჯერ მაინც უყურა და, როგორც ჩანს, თავი გააიგივა ფილმის გმირთან, ტრევის ბიკლთან (მსახიობი რობერტ დე ნირო), რომელიც, ფილმის მიხედვით, ზრუნავს 12 წლის მეძავზე (მსახიობი ჯოდი ფოსტერი), ფილმი კი სრულდება სისხლიანი სცენით, რომელშიც მთავარი გმირი ხოცავს ფოსტერის პერსონაჟის სუტენიორებსა და კლიენტებს.

ჰინკლი იმედოვნებდა, რომ მოიგებდა მსახიობის გულს, თუკი მსოფლიოში ცნობილი ადამიანი გახდებოდა.

სასამართლომ ჯონ ჰინკლი შეურაცხადად ცნო და მოათავსა ვაშინგტონის წმინდა ელისაბედის ჰოსპიტალში, სადაც ის იმყოფებოდა 2016 წლის 27 ივლისამდე.

1975: ჯერალდ ფორდი

აშშ-ის 38-ე პრეზიდენტის, ჯერალდ ფორდის მოკვლა ორჯერ სცადეს, 1975 წლის სექტემბერში.

5 სექტემბერს საკრამენტოში, კალიფორნიაში, ჩარლზ მენსონის მიმდევარმა, ლინეტ ფრომმა, პრეზიდენტს იარაღი მაშინ მიუშვირა, როდესაც ის შეკრებილ ხალხთან სალაპარაკოდ მივიდა. თავდამსხმელი განაიარაღა სპეციალური საიდუმლო სამსახურის თანამშრომელმა .

17 დღის შემდეგ, 22 სექტემბერს, სან-ფრანცისკოში, სარა ჯეინ მურმა ჯერალდ ფორდს რევოლვერიდან ესროლა და ააცდინა. ის ოლივერ სიპლიმ, გადამდგარმა საზღვაო ქვეითმა შეიპყრო.

პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი და საიდუმლო სამსახურის ოფიცრები 1975 წლის 22 სექტემბერს სან-ფრანცისკოში.
პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი და საიდუმლო სამსახურის ოფიცრები 1975 წლის 22 სექტემბერს სან-ფრანცისკოში.

სასამართლომ ორივე ქალს, სარა მურსა და ლინეტ ფრომს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ ორივე მათგანი გაათავისუფლეს ციხიდან, 30-ზე მეტი წლის მოხდის შემდეგ, შესაბამისად, 2007 და 2009 წლებში.

ჩარლზ მენსონი - (1934-2017) - ამერიკელი სერიული მკვლელი, დამფუძნებელი აგრესიული სექტისა, რომლის წევრებმა, მენსონის მითითებით, არაერთი სასტიკი მკვლელობა (მათ შორის, ორსული მსახიობის შერონ ტეიტის მკვლელობა) ჩაიდინეს. ჩარლზ მენსონს მისჯილი ჰქონდა სიკვდილით დასჯა, რომელიც მოგვიანებით სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. გარდაიცვალა ციხეში 2017 წელს.

1963: ჯონ ფ. კენედი

ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი - მოკლეს 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში, სადაც კენედი და პირველი ლედი ჟაკლინ კენედი საპრეზიდენტო ავტოკოლონით ქალაქის ქუჩებში მოძრაობდნენ.

ამერიკული პრესა იუწყებოდა, რომ სნაიპერის შაშხანიდან სასიკვდილო გასროლის ხმა 12:30 საათზე გაისმა. ლი ჰარვი ოსვალდმა პრეზიდენტი თავსა და კისერში დაჭრა. მძიმედ დაიჭრა ტეხასის გუბერნატორი ჯონ კონალიც. დაშავებულები სასწრაფოდ გადაიყვანეს პარკლენდის საავადმყოფოში, თუმცა პრეზიდენტი კენედი უკვე გარდაცვლილი იყო.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი, პირველი ლედი ჟაკლინ კენედი, ტეხასის გუბერნატორი ჯონ კონალი და მისი მეუღლე კენედის მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე. ტეხასის შტატი, დალასი. 1963 წლის 22 ნოემბერი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი, პირველი ლედი ჟაკლინ კენედი, ტეხასის გუბერნატორი ჯონ კონალი და მისი მეუღლე კენედის მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე. ტეხასის შტატი, დალასი. 1963 წლის 22 ნოემბერი

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლი ჰარვი ოსვალდი მკვლელობიდან 1 სთ-სა და 20 წუთში დააკავეს, დღის ბოლოს კი მას ბრალიც წაუყენეს, თუმცა ოსვალდი ბოლომდე უარყოფდა დანაშაულის ჩადენას. ორი დღის შემდეგ, 1963 წლის 24 ნოემბერს, პრეზიდენტ კენედის მკვლელობაში ბრალდებული ლი ჰარვი ოსვალდი, როდესაც ის პოლიციის განყოფილებიდან გამოჰყავდათ, მოკლა ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელმა ჯეკ რუბიმ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით.

პრეზიდენტ კენედის მკვლელობას ათი თვის განმავლობაში იძიებდა სპეციალურად შექმნილი კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ერლ უორენი ("უორენის კომისია").

კომისიამ დაასკვნა, რომ მკვლელობა ჩაიდინა მარტოხელა-დამნაშავემ, ლი ჰარვი ოსვალდმა, თუმცა არსებობს მთელი რიგი შეთქმულების თეორიებისა, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ უორენის კომისიის დასკვნებს და წარმოადგენენ მკვლელობის ალტერნატიულ ვერსიებს.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელების უმრავლესობას (70%-ზე მეტს) არ სჯერა მკვლელობის ოფიციალური ვერსიისა.

აშშ-ის პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი 1964 წლის 9 მარტი
აშშ-ის პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი 1964 წლის 9 მარტი

ჯონ ფ. კენედის მკვლელობის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტობა გადაიბარა ვიცე-პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა, რომელმაც ფიცი დადო საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე დალასის აეროპორტში. ჯონსონმა ფიცი დადო ტეხასის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლის სარა ტ. ჰიუზის წინაშე. როგორც ამერიკული მედია იუწყებოდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ფიცი დადო ქალის წინაშე, ხოლო ინაუგურაცია შედგა თვითმფრინავში.

1968: რობერტ კენედი

რობერტ კენედი - სენატორი, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან და ჯონ ფ. კენედის უმცროსი ძმა, 1968 წელს საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს.

რობერტ კენედი ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში დაჭრეს 5 ივნისს. პოლიტიკოსი მეორე დღეს, 6 ივნისს გარდაიცვალა.

1968 წლის გაზაფხულზე რობერტ კენედიმ რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში, მათ შორის ინდიანისა და კოლუმბიის ოლქებში. ივნისის დასაწყისში პრეზიდენტობის კანდიდატმა მოახერხა მხარდაჭერის მოპოვება კალიფორნიისა და სამხრეთ დაკოტის მთავარ ქალაქებში, რამაც მას გზა გაუხსნა დემოკრატების ყრილობისკენ, სადაც რობერტ კენედი უნდა აერჩიათ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატად.

რობერტ კენედი თავში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობის შემდეგ. 1968 წლის 5 ივნისი
რობერტ კენედი თავში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობის შემდეგ. 1968 წლის 5 ივნისი

1968 წლის 4 ივნისს კალიფორნიასა და სამხრეთ დაკოტაში გამართულ პრაიმერიზში გამარჯვების შემდეგ სენატორი კენედი თავის მხარდამჭერების წინაშე წარდგა სასტუმრო Ambassador-ის სამეჯლისო დარბაზში. შეხვედრის დასრულების შემდეგ მას ელოდებოდნენ პრესკონფერენციაზე იმავე სასტუმროს სხვა დარბაზში. მანძილის შესამცირებლად რობერტ კენედიმ გადაწყვიტა დარბაზების დამაკავშირებელ სამზარეულოზე გაევლო. სწორედ სამზარეულოში ესროლა მას, როგორც გამოძიებამ დაადგინა, 24 წლის პალესტინელ-იორდანიელმა ემიგრანტმა სერჰან სერჰანმა, რომელსაც მოგვიანებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. რობერ კენედი მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვა კეთილი სამარიტელის ჰოსპიტალში, სროლიდან 26 საათის შემდეგ.

1912: თეოდორ რუზველტი

აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი 1912 წლის 14 ოქტომბერს აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას, როდესაც მას რევოლვერიდან ესროლეს მკერდში.

რუზველტი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აპირებდა სიტყვით გამოსვლას მილუოკიში, როცა მას ვინმე ჯონ შრენკმა ცეცხლი გაუხსნა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტყვია შეანელა გულის ჯიბეში შენახულმა სათვალის ლითონის ყუთმა და წარმოსათქმელი სიტყვის 50-ფურცლიანმა შეკვრამ, რომელსაც რუზველტი უბეში ინახავდა.

რუზველტმა, როგორც გამოცდილმა მონადირემ და ანატომიის კარგად მცოდნე ადამიანმა, მალევე დაასკვნა, რომ, რადგან სისხლს არ ახველებდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ტყვიას არ დაუზიანებია ფილტვები. შესაბამისად, დახმარებაზე უარის თქმის შემდეგ, 90-წუთიანი სიტყვით მიმართა აუდიტორიას.

რუზველტმა გამოსვლა დაიწყო სიტყვებით: „ქალბატონებო და ბატონებო, არ ვიცი, ხვდებით თუ არა, რომ ახლახან მესროლეს; მაგრამ არც ისე იოლია ხარ-ირმის მოკვლა (ხარ-ირემი - რუზველტის პროგრესული პარტიის სიმბოლო)“.

თეოდორ რუზველტი, აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი
თეოდორ რუზველტი, აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი

სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ტყვია მკერდში შევიდა, მაგრამ პლევრა არ გაუხევია და, რომ მისი ამოღება უფრო საშიში იქნებოდა, ვიდრე ხელუხლებლად დატოვება. თეოდორ რუზველტი ამ ტყვიას სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა.

1912 წლის არჩევნებში რუზველტმა მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა. მართალია, გაუსწრო აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს უილიამ ტაფტს (რუზველტს ჰქონდა 88 ამომრჩეველი ხმა ტაფტის 8-ის წინააღმდეგ), მაგრამ ჩამორჩა არჩევნების გამარჯვებულს, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ვუდრო ვილსონს, რომელმაც მიიღო 435 ელექტორალური ხმა.

თავდამსხმელი ადგილზევე შეიპყრეს და განაიარაღეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯონ შრენკმა დარჩენილი სიცოცხლე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა.

1901: უილიამ მაკკინლი

აშშ-ის 25-ე პრეზიდენტს, უილიამ მაკკინლის თავს დაესხნენ ნიუ-იორკში, ქალაქ ბაფალოში, 1901 წლის 6 სექტემბერს, როდესაც პრეზიდენტი პანამერიკულ ექსპოზიციას სტუმრობდა. ანარქისტი ლეონ ფრენკ ჩოლგოში მაკკინლის მიუახლოვდა ვითომ ხელის ჩამორთმევად და ორჯერ ესროლა რევოლვერიდან მუცელში. ტყვიამ გაგლიჯა კუჭი, მიყენებული ჭრილობის შედეგად პრეზიდენტი 9 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

მკვლელის პირველი ტყვია, რომელიც ფაქტობრივად ერთი ნაბიჯიდან იქნა ნასროლი, სმოკინგის ღილმა აისხლიტა, მეორე ტყვიამ კი შინაგანი ორგანოები დააზიანა.

ოპერაციიდან რამდენიმე დღეში მაკკინლის ჯანმრთელობა ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა 13 სექტემბერს მისი მდგომარეობა კვლავ დამძიმდა. ექიმთა ნაწილი იმედოვნებდა, რომ პრეზიდენტი გადარჩებოდა. მათ ჯერ არ იცოდნენ, რომ პაციენტის მუცლის კედლებზე ფორმირდებოდა განგრენა და სისხლიც ნელ-ნელა იწამლებოდა.

პრეზიდენტ უილიამ მაკკინლის მკვლელობა ლეონ ჩოლგოშის მიერ პანამერიკული გამოფენის დროს, 1901 წლის 6 სექტემბერს. მხატვ. დართ უოკერი
პრეზიდენტ უილიამ მაკკინლის მკვლელობა ლეონ ჩოლგოშის მიერ პანამერიკული გამოფენის დროს, 1901 წლის 6 სექტემბერს. მხატვ. დართ უოკერი

უილიამ მაკკინლი გარდაიცვალა 1901 წლის 14 სექტემბერს, დილის 2:15 საათზე, ჭრილობაში შეჭრილი ინფექციის გართულებისგან. გარდაცვალების დღესვე ბაფალოში ჩავიდა ვიცე-პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი, რომელმაც პრეზიდენტის ფიცი დადო.

მკვლელი ადგილზე დააკავეს. 1901 წლის ოქტომბერში სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. განაჩენი (ელექტროსკამი) სისრულეში იქნა მოყვანილი 1901 წლის 29 ოქტომბერს. ლეონ ფრენკ ჩოლგოშის ბოლო სიტყვები იყო: „პრეზიდენტი იმიტომ მოვკალი, რომ ის კარგი ხალხის მტერი იყო, კარგი, შრომისმოყვარე ხალხის. არ მრცხვენია ჩემი დანაშაულის... ვწუხვარ, რომ მამაჩემის ნახვის უფლება არ მომცეს“.

სწორედ უილიამ მაკკინლის მკვლელობის შემდეგ მიმართა აშშ-ის კონგრესმა ქვეყნის საიდუმლო სამსახურს, ეკისრა პასუხისმგებლობა პრეზიდენტების დაცვაზე.

1881: ჯეიმს გარფილდი

აშშ-ის მე-20 პრეზიდენტი, ჯეიმს გარფილდი რევოლვერიდან ორი გასროლით დაჭრეს 1881 წლის 2 ივლისს ვაშინგტონში. პრეზიდენტი მატარებელს ელოდა, როცა ჩარლზ გიტომ ზურგსა და მხარში ესროლა.

ჯეიმს გარფილდის პრეზიდენტობა მხოლოდ ექვს თვეს გაგრძელდა. 1881 წლის 2 ივლისს ჩარლზ გიტოს მიერ მძიმედ დაჭრილი პრეზიდენტი გარფილდი 1,5 თვეში, 19 სექტემბერს გარდაიცვალა.

პრეზიდენტი ვაშინგტონის რკინიგზის სადგურზე იმყოფებოდა, როდესაც მას ზურგში ესროლეს „ბულდოგიდან“ (British Bull Dog revolver) .

პრეზიდენტ გარფილდის მკვლელობა. გრავიურა გამოქვეყნდა ფრენკ ლესლის „ილუსტრირებულ გაზეთში“. ჯეიმს გარფილდი ვარდება თავდასხმის შემდეგ (იჭერს სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბლეინი). ნახატის მარცხენა ნაწილში ხალხი აკავებს მკვლელ ჩარლზ გიტოს.
პრეზიდენტ გარფილდის მკვლელობა. გრავიურა გამოქვეყნდა ფრენკ ლესლის „ილუსტრირებულ გაზეთში“. ჯეიმს გარფილდი ვარდება თავდასხმის შემდეგ (იჭერს სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბლეინი). ნახატის მარცხენა ნაწილში ხალხი აკავებს მკვლელ ჩარლზ გიტოს.

ჩარლზ გიტომ, ფსიქიკურად არასტაბილურმა ადამიანმა, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა საფრანგეთში კონსულის თანამდებობას, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ნამდვილად მან ესროლა პრეზიდენტს, მაგრამ მოკვლით არ მოუკლავს იგი. გიტოს სიტყვებით, გარფილდის სიკვდილის მიზეზი გახდა ცუდი მკურნალობა. სასამართლომ არ გაიზიარა გიტოს არგუმენტები. ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ კი იგი შერაცხადად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩარლზ გიტო ჩამოახრჩვეს 1882 წელს.

თანამედროვე ექიმები, რომლებმაც შეისწავლეს პრეზიდენტ გარფილდის სამედიცინო ისტორია, მიიჩნევენ, რომ განსასჯელის სიტყვებში („გარფილდის სიკვდილის მიზეზი ცუდი მკურნალობა გახდა“) დიდი წილია სიმართლისა. გარფილდი გარდაიცვალა სისხლის მოწამვლის შედეგად.

პრეზიდენტ გარფილდის მკვლელი ჩარლზ გიტო სიკვდილით დასაჯეს.

1865: აბრაამ ლინკოლნი

ამერიკის შეერთებული შტატების მე-16 პრეზიდენტი, აბრაამ ლინკოლნი, მოკლეს 1865 წლის 14 აპრილს, ვაშინგტონში, ფორდის თეატრში „ჩვენი ამერიკელი კუზენის“ სპექტაკლის მსვლელობისას. ლინკოლნს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სამხრეთელების მომხრე მსახიობმა ჯონ უილკს ბუტმა, რომელმაც თავში ესროლა.

ჩრდილოეთისა და სამხრეთის ომის დროს ჯონ ბუტი იყო კონფედერაციის საიდუმლო აგენტი. ბუტი ჩართული იყო ანტისამთავრობო შეთქმულებაში, რომლის მონაწილეები გეგმავდნენ ჯერ პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის გატაცებას, შემდეგ კი, ომის დასრულების წინ, მის და აშშ-ის მთავრობის სხვა წევრების მკვლელობას. 1865 წლის 9 აპრილს კონფედერატების კაპიტულაციის შემდეგ ამერიკის მთავრობას უნდა მოეხდინა სამხრეთის რეკონსტრუქცია და დაეწყო აფროამერიკელების ამერიკულ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესი.

აბრაამ ლინკოლნის მკვლელობა. ლითოგრაფია
აბრაამ ლინკოლნის მკვლელობა. ლითოგრაფია

კონფედერატების მთავარი შეიარაღებული ფორმირების სარდლის, გენერალ ლის ჩაბარებიდან ხუთი დღის შემდეგ, დიდ პარასკევს, 1865 წლის 14 აპრილს, სპექტაკლ „ჩვენი ამერიკელი კუზენის" მსვლელობისას ჯონ უ. ბუტი საპრეზიდენტო ლოჟაში შევიდა და ლინკოლნს თავში ესროლა.

ბუტი არ მონაწილეობდა იმ დღეს გამართულ სპექტაკლში და საერთოდაც მხოლოდ ორჯერ ჰქონდა ნათამაშები ფორდის თეატრში, თუმცა ხშირად სტუმრობდა მსახიობ მეგობრებს და კარგად იცნობდა როგორც შენობას, ასევე თეატრის რეპერტუარსაც.

ბუტი პრეზიდენტის ლოჟაში შევიდა კომედიის ყველაზე სასაცილო სცენის დროს და ერთ-ერთი რეპლიკის შემდეგ გაისროლა იმის იმედად, რომ რევოლვერის ხმას სიცილი გადაფარავდა.

ერთ-ერთი ვერსიით მიიჩნევა, რომ ბუტმა გასროლის წინ დაიყვირა: Sic semper tyrannis! (ლათ. "ასეთია ტირანების ბედი", სამხრეთის შტატის, ვირჯინიის დევიზი). წარმოქმნილ აურზაურში ბუტმა მოახერხა გაქცევა. სასიკვდილოდ დაჭრილი ლინკოლნი კი თეატრიდან გადაიყვანეს მოპირდაპირედ მდებარე სახლში, სადაც მეორე დილით, 1865 წლის 15 აპრილს, დილის 7:22 საათზე გარდაიცვალა.

1865 წლის 26 აპრილს ჯონ უ. ბუტი მოკლეს ვირჯინიაში დაპატიმრების მცდელობისას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG