ისინი ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ნათესავები და მისი ე.წ. ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ. ლევ კაბისოვი დე ფაქტო პრეზიდენტის პირადი მცველი იყო და როგორც ცხინვალიდან იუწყებიან, სიგარეტისა და სხვა კონტრაბანდული პროდუქტის შეტანას აკონტროლებდა. მის ძმა სერგეი კაბისოვს კი ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.
ინციდენტი 14 ივლისს მოხდა. დე ფაქტო ხელისუფლება და ადგილობრივი ე.წ. სახელმწიფო მედია ფაქტის გასაიდუმლოებას ცდილობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ტელეგრამ-არხებზე ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა, ოსურმა მედიამაც მწირი ინფორმაცია გაავრცელა.
სააგენტო "რესის" ცნობით, ფეხებში დაჭრილი ძმები ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს. გარდა ამისა, ოსური მედიის ცნობით, ძმები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და ჩვენებას არ აძლევენ.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მომხდართან დაკავშირებით ძალოვნები შეკრიბა და მათ ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავება მოსთხოვა. დე ფაქტო ძალოვანი უწყებები არ ასახელებენ იმ პირების ვინაობას, ვინც კაბისოვებს ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ თავდამსხმელებს შორის ალან გაგლოევის ძმაც იყო. დე ფაქტო პრეზიდენტის ძმა ოკუპირებულ რეგიონში კრიმინალური ავტორიტეტია.
სოციალური ქსელების მომხმარებლების გამოხმაურება ამ ფაქტზე სხვადასხვაგვარია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იყო კრიმინალური გარჩევა და კონტრაბანდულ ბიზნესში გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის ორ დაჯგუფებას შორის შეიარაღებული დაპირისპირება, მეორე ნაწილი კი ამ საქმეს პოლიტიკასთან და დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან აკავშირებს.
როგორც ცნობილია, ყოფილი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პარტია „ერთიანი ოსეთი“ გაგლოევის ხელისუფლებას არჩევნების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს. ძმები კაბისოვები სწორედ ბიბილოვის საარჩევნო შტაბში იყვნენ და არჩევნების დროს დაეძაბათ ურთიერთობა გაგლოევის ძმასთან. ტელეგრამ-არხ „ბონვარონის“ კომენტატორები იხსენებენ, რომ ძმებმა კაბისოვებმა შექმნეს რეგიონში განუკითხაობა, რომ განსხვავებული აზრის მქონე პირები იდევნებიან. ბიბილოვის კრიტიკის გამო, სერგეი კაბისოვი ვლადიკავკაზშიც კი ჩავიდა და იქაურ ჟურნალისტს, რუსლან ტოტროვს სცემა. ხმაურიანი სკანდალი მას შემდეგ ჩაწყნარდა, რაც საქმეში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერია. კომენტატორები იმასაც წერენ, რომ დღისით, მზისით ქუჩაში ბავშვების გაშვება უკვე სახიფათოა, რადგან კრიმინალური ბანდები ერთმანეთთან ურთიერთობას კანონის ნაცვლად იარაღით აგვარებენ.
„ცხინვალი იქცა კრიმინალურ ქალაქად“, - წერს კომენტატორი მარგარეტ ტე. მისი თქმით, ნორმალური ადამიანები ცხინვალიდან გარბიან, ადგილზე კი რჩებიან მხოლოდ კრიმინალები და უბედური ხალხი, რომელიც შეშინებულია", - წერს მარგარეტ ტე.
რადიო თავისუფლებისთვის ცნობილია, რომ ცხინვალელ სამართალდამცავებს ინციდენტში მონაწილე სხვა პირები არ დაუკავებიათ. დე ფაქტო შსს-ს ცნობით, დამნაშავეების ძებნა მიმდინარეობს.
ფორუმი