ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმებს რუსეთში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ.
"ჩემი პოზიციაა, რომ უკრაინას უეჭველად აქვს უფლება, მიიტანოს იერიში აგრესორი ქვეყნის, რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე. ეს მკაფიოდ არის განსაზღვრული საერთაშორისო სამართლით, ვინაიდან ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ეს მოიცავს აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმებს. ეს ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია", - განაცხადა სტოლტენბერგმა უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს სხვადასხვა ქვეყანამ დააწესა სხვადასხვა შეზღუდვა იარაღის გამოყენებაზე, რომელიც უკრაინას გადასცეს. ზოგი საერთოდ არ ადგენს ლიმიტებს, ზოგი მხოლოდ გარკვეულ შეზღუდვებით შემოიფარგლება.
"ახლა კი ზოგიერთი მოკავშირე არბილებს შეზღუდვებს, მათ შორის იმ საომარი მოქმედებების გამო, რომელთა განხორციელებასაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს ან უკვე განახორციელა ხარკოვის რეგიონის ტერიტორიაზე", - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ნებართვა, გამოიყენოს შორსმსროლელი ამერიკული იარაღი რუსულ სამხედრო თვითმფრინავებზე თავდასხმისთვის მათსავე ბაზებზე, შეძლებს დაიცვას უკრაინა რუსული მართვადი საჰაერო ბომბებისგან.
მისივე თქმით, რუსეთი თვეში 3200-3500 მართვად საავიაციო ბომბს, ე.წ. „კაბ“-ს იყენებს. კერძოდ, ეს ბომბები ინტენსიურად გამოიყენება ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთით რუსეთის შეტევის დროს.
მანამდე ამერიკულმა გამოცემა Washington Post-მა უკრაინის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ნება მისცა, გამოიყენონ ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე, არაუმეტეს 100 კილომეტრის სიღრმეში.
ფორუმი