Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმია აცხადებს, რომ კონტროლი დაამყარა დონეცკის ოლქის სოფელ უროჟაინოეზე


ბრძოლის შედეგი დონეცკის ოლქში. საარქივო ფოტო
ბრძოლის შედეგი დონეცკის ოლქში. საარქივო ფოტო

რუსეთის ჯარებმა დაიკავეს დონეცკის რეგიონის დასავლეთით მდებარე სოფელი უროჟაინოე, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას განაცხადა. "ეხო კავკაზას" ცნობით, მანამდე უკრაინულმა ანალიტიკურმა პროექტმა DeepState-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა შტურმის შედეგად მოახერხეს დასახლების დაკავება.

13 ივლისს, "დილით, მტერმა დაიწყო მასიური შეტევა სოფლის ჩრდილოეთ ნაწილზე. მტრის ძალები მნიშვნელოვანი იყო, არსებობს ინფორმაცია ორი ასეულის შესახებ", - აღნიშნავს DeepState. აცხადებენ, რომ რუსეთის სახელმწიფო დროშა აღიმართა სოფელ ურაჟაინოეზე, რომლის უდიდესი ნაწილი ბრძოლების დროს ნანგრევებად იქცა.

სოფელი რუსეთის ჯარებმა 2022 წლის გაზაფხულზე, ომის პირველ თვეებში დაიკავეს. 2023 წლის ზაფხულში იგი გახდა სასტიკი ბრძოლის ადგილი უკრაინული შეტევის დაწყების შემდეგ, რომლის ერთ-ერთი დარტყმა განხორციელდა ე.წ. ვრემიევსკის შვერილზე. სწორედ აქ მოახერხეს უკრაინელმა სამხედროებმა 10-მდე დასახლების განთავისუფლება, მაგრამ უროჟოაინოესა და მეზობელი სტარომაიორსკის აღების შემდეგ მათი შეტევა შეწყდა.

ფრონტი აქ სტაბილური იყო გაზაფხულამდე, როდესაც რუსულმა ჯარებმა დაიწყეს შეტევის მცდელობა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ სტარომაიორსკი აიღეს. უკრაინელი სამხედროები კვლავ აკონტროლებენ ჩრდილოეთით მდებარე დასახლებებს, რომლებიც მათ გასულ წელს დაიკავეს.

ბრძოლები ასევე მიმდინარეობს ფრონტის სხვა სექტორებში - ყველაზე აქტიური დონეცკის რეგიონის სოფელ ნიუ-იორკისა და ქალაქ ტორეცკის მიდამოებში, სადაც რუსული ჯარები ცდილობენ წინსვლას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG