Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2100 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა 15,3 მილიონ ადამიანამდე შემცირდება - გაერო


გაეროს ანგარიშით, "მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივები 2024", უკრაინის მოსახლეობა 2100 წლისთვის შემცირდება.
გაეროს ანგარიშით, "მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივები 2024", უკრაინის მოსახლეობა 2100 წლისთვის შემცირდება.

უკრაინის მოსახლეობის შემცირებას პროგნოზირებს გაეროს ანგარიში, რომლის სახელწოდებაა ”მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივები 2024". ანგარიშის ავტორთა მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინაში დაახლოებით 37 მილიონი ადამიანი იყო, მაგრამ 2100 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა 15,3 მილიონ ადამიანამდე შემცირდება.

გაერო ასევე პროგნოზირებს, რომ 2084 წელს მსოფლიოს მოსახლეობა "მაქსიმალურ" დონეს, კერძოდ, 10,3 მილიარდს მიაღწევს, მაგრამ 2100 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა მცირედით, 10,2 მილიარდამდე, შემცირდება.

ამავე დროს, ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ „სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა თანდათან გაიზრდება და 21-ე საუკუნის ბოლოსთვის 81,7 წელი იქნება - მამაკაცები საშუალოდ იცხოვრებენ 80 წელზე ცოტა ნაკლებ ხანს, ხოლო ქალები იცხოვრებენ თითქმის 84 წელს."

გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის ანგარიშის თანახმად, ივნისში საომარი მოქმედებების შედეგად უკრაინაში, სულ მცირე, 146 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 672 დაშავდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG