Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა საავადმყოფო დატოვა. ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმას FBI იძიებს


საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ ტრამპს საფრთხე არ ემუქრება.
საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ ტრამპს საფრთხე არ ემუქრება.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დატოვა საავადმყოფო, სადაც პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გადაიყვანეს. ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპი ჩავიდა ნიუ-ჯერსიში, სადაც თავის გოლფის კლუბში გარკვეული დროის გატარებას გეგმავს.

ვიდეოში, რომელიც ტრამპის გუნდის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა, ყოფილი პრეზიდენტი თვითმფრინავიდან ჩამოდის აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების თანხლებით, რომლებიც უმაღლესი ხელისუფლების დაცვას ახორციელებენ.

საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ ტრამპს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცავების თანახმად, ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას იძიებენ, როგორ ექსპრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას.

ტრამპი - რომელსაც რესპუბლიკური პარტია, დიდი ალბათობით, პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს 2024 წლის არჩევნებზე - ხალხს საზღვარზე გადასვლის მონაცემებს აჩვენებდა, როცა გაისმა, როგორც ჩანს, სროლის ხმა. ტყვია დონალდ ტრამპს მარჯვენა ყურში მოხვდა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინციდენტის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში მადლიერებას გამოხატავს, რომ ტრამპი უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს.

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას იძიებს გამოძიების ფედერალური ბიურო. FBI-ის ცნობით, ადამიანი, რომელიც ტრამპის მოკვლას ცდილობდა, პენსილვანიელი 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსია. სროლის შედეგად კრუქსმა აქციის ერთი მონაწილე მოკლა და ორი დაჭრა. თავად კრუქსი ადგილზე მოკლეს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა.


FBI-ის სპიკერმა განაცხადა, რომ სააგენტოს არ ჰქონდა ინფორმაცია რაიმე საფრთხის შესახებ ტრამპის გამოსვლამდე ბატლერში გამართულ აქციაზე. CNN-ის ინფორმაციით, რამდენიმე ფედერალური უწყება იძიებს, თუ როგორ შეძლო კრუქსმა აქციის გვერდით მდებარე შენობის სახურავზე შეუმჩნევლად ასვლა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი თავს ტომას მეთიუ კრუქსს უწოდებს და ამბობს, რომ სძულს რესპუბლიკელები.

პოლიტიკოსები და პოლიტიკური ლიდერები გმობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ და პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმას პენსილვანიის შტატში. უკვე კეთდება შეფასებები, რომ 20 წლის მეთიუ კრუქსის ნასროლი ტყვია, რომელმაც გააჩინა შიში პოლიტიკაში მეტი ძალადობის რისკებზე, გავლენას იქონიებს წინასაარჩევნო კამპანიის შემდგომ ხასიათზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG