რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ფორუმი