პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო. უწყების განცხადებით, პრემიერმა ამერიკელ მაღალჩინოსანთან საუბარში თქვა, რომ ოქტომბერში უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, ასევე პლურალისტური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემო:
"პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის და აღნიშნა, რომ ამ პროცესში შემხვედრ ნაბიჯებს და პრაგმატულ, რაციონალურ, სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება".
სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ასევე შეხვდა ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. შეხვედრის შესახებ იგი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში.
"უმნიშვნელოვანესი დისკუსია შედგა ცესკოს თავმჯდომარესთან გიორგი კალანდარიშვილთან, რაც კიდევ ერთხელ გამოხატავს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, მათ შორის არჩევნებზე ადგილობრივი და საერთაშორისო დაკვირვებისთვის. აშშ დიდი ხანია მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში, რაც ფუნდამენტურია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის".
წინა დღით, 11 ივლისს ახრა ზეია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა ორბელიანების სასახლეში.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილმა აზრა ზეიასთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა. ასევე, შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "საქართველო არასოდეს იყო, არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი ქვეყნის ევროპული გზაა".
ფორუმი