ბელგოროდის ოლქში, 12 ივლისს, ღამით, რუსმა სამხედრომ თანამებრძოლებს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ გაუჩინარდა.
ამის შესახებ იტყობინება რამდენიმე ტელეგრამარხი, მათ შორის - Baza, SHOT-ი და "პეპელი”, ასევე RT.
ინფორმაცია ოფიციალურად არ არის დადასტურებული. სავარაუდოდ, არიან დაშავებულები და დაღუპულები.
"მედიაზონის" მტკიცებით, სროლა იყო 54708-ე სამხედრო ნაწილში, გრაივორონსკის რაიონის სოფელ კოზინკაში, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს.
"პეპელი" და SHOT-ი სავარაუდო მსროლელის ვინაობას ასახელებენ და ამტკიცებენ, რომ ის ხელშეკრულებით მყოფი სამხედრო მოსამსახურეა ჩუვაშეთიდან.
Baza ამტკიცებს, რომ სროლის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ერთი - დაჭრილია. გრაივორონსკის რაიონის უფროსმა, გენადი ბონდარევმა, RT-ს განუცხადა, რომ სამოქალაქო პირთა შორის დაშავებულები არ არიან, რითაც, ფაქტობრივად, დაადასტურა სროლის ფაქტი.
ბელგოროდის ოლქში გამოცხადებულია "შეპყრობის" გეგმა.
ამტკიცებენ, რომ სამხედრო პირი გაიქცა იარაღით, თუმცა, Baza-ს მონაცემებით, იარაღი შემთხვევის ადგილთან ახლოს იპოვეს, თავად მსროლელის ძებნა კი გრძელდება.
მედიასა და ტელეგრამარხებს, რომლებიც სროლის შესახებ იტყობინებიან, მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია აქვთ. RT საყოფაცხოვრებო კონფლიქტის შესახებ წერს. "პეპელის" მონაცემებით, მიზეზი სხვაა - სამხედროს სამსახურის დატოვება სურდა.
SHOT-ი მიუთითებს, რომ ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე გაქცეულიყო.
ფორუმი