Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახლებს სახურავები გადახადა, განადგურდა მოსავალიც


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

11 ივლისს, საღამოს, ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მაწიმის თემში (სოფლები მაწიმი და რაჭისუბანი), 15-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავები გადახადა. ნაწილში წვიმა ჩავიდა და ავეჯთან ერთად დააზიანა ტექნიკაც.

ერთ-ერთი დაზარალებულის, მარიამ გოგოლაძის თქმით, სტიქიის დროს სახლის ჭერი ჩამოინგრა:

„ბავშვები ოთახში იყვნენ, ჭერი რომ ჩამოვარდა... გადავრჩით. სახლს სახურავი აქვს გადახდილი, დაზიანდა კედელიც. ავეჯი და ტექნიკა თითქმის აღარ ვარგა. იმედი გვაქვს ვინმე დაგვეხმარება“.

ქარმა ნაწილობრივ გადახადა სახურავი ლალი კაპანაძის სახლსაც.

„მე ასეთი სტიქია არ მახსოვს, უფრო ქარბორბალა იყო. ჩემი სახლი თუნუქით იყო დაფარული, თუმცა გადახადა. ჩახერგილი იყო აქაურობა. ზარალი საკმაოდ დიდია“, - ამბობს დაზარალებული.

მაწიმის თემის სოფლებში მოგლეჯილია ათეულობით ხე და ელექტროენერგიის ბოძები. წაქცეულმა ხეებმა დააზიანა საფლავებიც.

სიმინდისა და საზამთროს ბაღები თითქმის სრულად არის დაზიანებული. ქარმა ხეები მოგლიჯა საბავშვო ბაღის ეზოშიც. დაზიანდა ატრაქციონები.

ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სოფლებში უკვე მუშაობენ ზარალის დამთვლელი კომისიის წევრები და დღის ბოლოს ეცოდინებათ, ვინ რა სახის ზიანი მიიღო.

„საბოლოო მონაცემები რომ გვექნება, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფორმით დავეხმარებით დაზარალებულ მოსახლეობას. წელს სტიქიამ ძალიან დაგვაზარალა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 500-მდე საცხოვრებელ სახლს ჰქონდა გადახდილი სახურავი. მათ უკვე დავეხმარეთ გადასახური მასალებით. ახლაც იქნება დახმარება“, - ამბობს ჯონდო მდივნიშვილი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი სტიქიამ 22 ივნისსაც დააზარალა. სეტყვამ ყურძნის, თხილის, სიმინდისა და ბოსტნეულის ნარგავების 80-90 პროცენტი გაანადგურა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზიანის გამოსასწორებლად ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG